მიქსომატოზი – (Myxomatosis cuniculi) – მწვავე, მაღალ კონტაგიოზური ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიათებს სეროზული-ჩირქოვანი კონიუქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება), თავის, ანუსის და გარე სასქესო ორგანოების შეშუპება.

მიქსომატოზის აღმძვრელი გამოირჩევა გამძლეობით გარემო ფაქტორების მიმართ. მკვდარ ცხოველში ის ინარჩუნებს ვირულენტობას ერთი კვირის განმავლობაში, დაბალ ტემპერატურაზე გამშრალ ქურქში კი, რამდენიმე თვე. გაყინვის დროს ვირუსი ინარჩუნებს ვირულენტობას რამდენიმე წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ გაყინული ბოცვრის ხორცი და ქურქი წარმოადგენს რისკ ფაქტორს სხვა ჯანმრთელი ბოცვრებისთვის.

დაავადების გავრცელების გზები

  • დაავადება გადააქვთ ყველანაირ სისხლის მწოველ პარაზიტებს.
  • დაავადება გადადის აირ წვეთოვანი გზით დაავადებული ცხოველიდან – ჯანმრთელში.
  • საერთო საკვებური, საერთო სარწყულებელი, დაბინძურებული ინვენტარი, ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვა ასევე არის დაავადების გამავრცელებელი.

დღეს-დღეობით მიქსომატოზი ბოცვერში ითვლება ძირითად ინფექციურ დაავადებად, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელ ბაჭიების მიღებაში. ვირუსის გავრცელების ძირითადი გზა არის სისხლის მწოველი პარაზიტები: კოღოები, ტილები, რწყილები. ის ლოკალიზდება მწერების სანერწყვე ჯირკვლებში, სადაც ძლებს დიდი ხნის განმავლობაში სანამ, არ იპოვის მასპინძლის ორგანიზმს. (რწყილი დაავადების გადამტანი რჩება 3 თვის განმავლობაში, ხოლო კოღო – 7 თვის განმავლობაში). ვირუსის ამთვისებელია ნებისმიერი ასაკის და ჯიშის ბოცვერი, დაავადებული ცხოველის ორგანიზმში ის მოიპოვება სისხლში, კანში, კანქვეშა ქსოვილში, შინაგან ორგანოებში. 

დაავადების სიმპტომები

ბოცვერში ინკუბაციური პერიოდი (პერიოდი ვირუსის ორგანიზმში შეჭრის დღიდან – პირველი კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდე) გრძელდება 3 დან 20 დღემდე. კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდე რამდენიმე დღით ადრე ბოცვერს ახასიათებს სხეულის ტემპერატურის მომატება 40-41°C -მდე. დაავადების პირველი ნიშნები იწყება მეჭეჭოვანი წამონაზარდით ყურებზე, ქუთუთოებზე და სხეულის სხვა ნაწილებზე, ბოცვერი დაბლა წევს ყურებს. დაავადებული ცხოველი დასუსტებულია, კარგავს მადას და მოძრაობის სურვილს. დაავადების პირველ ეტაპზე შეიძლება შესამჩნევი იყოს ლორწოვანი გამონადენი თვალებიდან, ცხვირიდან, თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, გაძნელებული სუნთქვა და მოსალოდნელია პნევმონიის განვითარებაც.  

არსებობს დაავადების მიმდინარეობის ორი ფორმა:

  • კლასიკური
  • ნოდურალორუ

კლასიკური – შეშუპებითი ფორმა არ ექვემდებარება მკურნალობას. ის ვრცელდება ძალიან სწრაფად და იწვევს ბოცვრის თითქმის მთელი გუნდის სიკვდილს. ამ მიმდინარეობის დროს დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებია – შეწებებული თვალები, რომელსაც მოყვება ნაწიბურების წარმოქმნა. ბოცვრის ცხვირი შეშუპებულია და გამოიყოფა ჩირქი, რაც აძნელებს სუნთქვას. სხეულზე წარმოიქმნება წამონაზარდები, რომლებიც სავსეა სითხით. დაავადების განვითარების დროს ბოცვერი კვდება 10 დღეში.

ნოდურალური ფორმა არანაკლებ საშიშია, თუმცა სიკვდილიანობა აღწევს 70-90%-ს. ამ მიმდინარეობის განკურნება შესაძლებელია. დაავადების განვითარება იწყება კვანძოვანი წამონაზარდებით მთელი სხეულის პერიფერიაზე. გამონაყარის შემდეგ, ზიანდება თვალის ლორწოვანი გარსები და ვითარდება კონიუნქტივიტი და სუნთქვის გაძნელება. დროული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა ბოცვრის სრული გამოჯანმრთელება.

პროფილაქტიკა და მკურნალობა

დაავადების პრევენციის საუკეთესო გზა არის დროულად და სწორედ ჩატარებული ვაქცინაცია. დაავადების გაჩენის შემთხვევაში, ბრძოლის ღონისძიებები ეფექტური არ არის, რადგან არსებობს რისკი ჯანმრთელი ბოცვრის დაავადების.

პროფილაქტიკური ღონისძიებები ითვალისწინებენ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას და ბოცვრის სწორ კვებას.

  • რეგულარულად დაასუფთავეთ არსებული ფერმა
  • ჩაატარეთ დროული და ხარისხიანი დეზინფექცია-დერატიზაცია
  • ახალი ბოცვრის შეძენის დროს, აუცილებლად მოათავსეთ კარანტინში და გამოიკვლიეთ ინფექციურ დაავადებებზე.