თუ გადაწყვიტეთ, რომ გააკეთოთ მინიფერმა, სადაც დედაღორი თავის გოჭებთან ერთად გეყოლებათ გოჭების ასხლეტამდე – მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ ქვევით მოცემული  რეკომენდაციები.

  • რეკომენდებული არ არის დედაღორების ღია გარემოში გაშვება, რადგან ძალიან დიდი რისკია, მათ ბუნებაში არსებული სხვადასხვა გამღიზიანებლიდან აფრიკული ცხელება დაემართოთ. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, გესაჭიროებათ შენობა, სადაც იზოლირებულად შეინახავთ დედაღორებს.
  • იმისდა მიხედვით, თუ რამდენი დედაღორის შენახვას აპირებთ უნდა განსაზღვროთ, რა ფართი დაგჭირდებათ ერთ დედაღორზე (ჩასმის სიმჭიდროვე ფერმაში) საშუალოდ, ტრადიციული მეთოდით გამოზრდისას, ეს უდრის 4.5 მ2-ს. შესაბამისად, მაგ. 16 დედაღორის ფერმის მოსაწყობად, რომელშიც უშუალოდ დედაღორი თავის გოჭებთან ერთად დააბინავებთ, საჭირო იქნება 72 მ2.
  • არსებობს დედაღორის შენახვის რამდენიმე ტიპი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება:

ღრმა ქვეშსაფენის მეთოდი – გამოზრდის ამ ტიპის შემთხვევაში ფერმა მოწყობილია მარტივად: ბეტონზე იყრება ხორბლის ან ქერის ნამჯა. ქვეშსაფენის საწყის სიმაღლედ რეკომენდებულია 30 სმ. ყოველდღიურად დასამატებელი ნამჯის რაოდენობა – 0,6-0,8 კგ/სულზე. ერთი დედაღორი შეგიძლიათ გყავდეთ 2.8 მ2-ში ხოლო სახორცედ გამოსაზრდელ სულადობას 1.1 მ2-იც ეყოფა. გამოზრდის ეს მეთოდი მსოფლიოში ძალიან მიღებული და თანამედროვეა, რადგან გარემო მიახლოებულია ბუნებრივთან და ფერმის მოსაწყობადაც ნაკლები დანახარჯებია საჭირო.

ღრმა ქვეშსაფენის მეთოდი

დედაღორის ცხაურებზე შენახვის ტიპი – მძიმე კონსტრუქციული ნაგებობის მოწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული მეთოდის უპირატესობა ისაა, რომ ცხოველი არ ეხება თავის ფეკალიებს, რაც ჯანმრთელობის მართვის მხრივ ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტია. ერთი დედაღორი შეგიძლიათ (მთლიანი სივრცე) გყავდეთ 4.4მ2-ში(დედაღორის განყოფილება (ბოქსი) -1.7 მ2). ფეკალიები ჩადის ცხაურებში და, ფერმის კონსტრუქციიდან გამომდინარე, მიედინება, ძირითადად, ლაგუნებში (სანაკელე ორმოები). ფერმაში სეზონის ყველა დროს არის სუფთა ჰაერი და ნარჩუნდება შესაბამისი ტენიანობა, რაც ღორებისთვის დამატებითი ფუფუნებაა.

დედაღორის ცხაურებზე შენახვის ტიპი

ბაქტერიაზე (ფერმენტაციის თვისებით) – რეგიონისთვის დამახასიათებელ მცირე შინამეურნეობებში ყველაზე ეფექტური და აქტუალური შენახვის მეთოდია, როგორც დედაღორებისთვის, ასევე სახორცე ღორებისთვისაც. ბაქტერიას შეუძლია ფეკალიის ფერმენტაცია (ანუ ფეკალიას აქრობს ფერმაში და არ საჭიროებს გატანას, შენობაში აღარ დგას სპეციფიკური, უსიამოვნო სუნი). ერთი დედაღორი შეგიძლიათ გყავდეთ (მთელი სივრცე) 6მ2, ხოლო თუ დედაღორის „ბოქსს“ ბაქტერიაზე  მოაწყობთ, მაშინ აჯობებს, დედაღორი შეზღუდულ სივრცეში იყოს (1.7მ2). გამოიყენეთ ნაკლებად მტვრიანი ნახერხი და თხრილში მინიმუმ 70 სმ ნახერხი მაინც ჩაყარეთ, რათა ერთი მოწყობით 2 წლამდე შეგეძლოთ მუშაობა (ერთ დედა ღორზე დაახლოებით 5 კუბური მეტრი ნახერხი დაგჭირდებათ და 350 გრამი ბაქტერია ფერმენტაციის თვისებით)

ბაქტერიაზე (ფერმენტაციის თვისებით)

ტექნიკური პარამეტრები დედაღორისთვის:

  1. განათება: 16 საათი განათება, 8 საათი სიბნელე, ლუქსის ინტენსივობა 100-150;
  2. გარემო არის ტემპერატურა: 18 -22 C0;
  3. ფარდობითი ტენიანობა % : 60-80