ემფიზემატოზური კარბუნკული, ემკარი, საქართველოში მეტად ცნობილი, როგორც ჭიჭინა არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია ანაერობული მიკრობით Clostridium chauvoei.

ემკარი წარმოადგენს საკმაოდ საშიშ ინფექციურ დაავადებას. დაავადება მიმდინარეობს მწვავე ფომაში.  დაავადებას ახასიათებს:

  • ცხელება;
  • შეშუპების წარმოქმნაა კუნთოვან ქსოვილებსა და სხვა სხეული ნაწილებში;

სწრაფად მზარდი წამონაზარდები სხეულის სხვადასხვა მონაკვეთში.

შეშუპების ადგილას, გაჭრისას გადმოდის მუქი წითელი, ან შავი ფერის მყრალი სითხე. ხშირ შემთხვევაში კლინიკური ნიშნების გამომჟღავნების შემდეგ ცხოველი რამდენიმე დღეში კვდება.

დაავადების გავრცელება ხდება ნიადაგის, საკვების მეშვეობით, დაბინძურებული ინვენტარის, დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით და სხვა.

დაავადების აღმძვრელია ანაერობული მოძრავი ჩხირები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იწყებენ ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფას. აღნიშნულ ჩხირებს თავისუფლად შეუძლიათ კულტივირება უჟანგბადო არეში, სადაც სხეულის ტემპერატურა აღწევს 30-36OC.

ხელით შეხებისას დამახასიათებელ წამონაზარდებს გააჩნიათ შხეფის ხმები, ეს აიხსნება იმით, რომ აღნიშნულ წამონაზარდებში მოთავსებულია ჟანგბადის ბურთულები, რომლებიც განაპირობებენ ქსოვილების გახლეჩას. სწორედ ამ მიზეზის გამო ემკარს ასევე ეძახიან ხმაურიან კარბუნკულს და ჭიჭინას.

გარდა ამ დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებისა, მატულობს საქონლის სხეულის ტემპერატურა (41-42 გრადუსამდე), რომელსაც თან სდევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოშლა. დაავადების განვითარებასთან ერთად იშლება სასუნთქი სისტემის მოქმედება და საქონელი კვდება. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არ არის დამახასიათებელ კონდიციაში (დასუსტებულია ან გააჩნია სხვა პათოლოგია), სიკვდილი დგება მკაფიოდ გამოხატული კლინიკური ნიშნების გარეშე.

დაავადებისთვის ასევე დამახასიათებელია:

  • ცხოველის მოდუნება;
  • ცოხნის რეფლექსის შეჩერება;
  • პულსის აჩქარება;
  • კუნთოვან ქსოვილებზე ჩნდება სწრაფად მზარდი, მკვრივი, ცხელი და შეხებაზე მტკივნეული უსწორმასწორო შეშუპებები;
  • წამონაზარდ ბუშტუკებზე ქსოვილი ნელ-ნელა უფერულდება ან ლურჯდება, სისხლის მიმოქცევის შეფერხების გამო;
  • კუნთოვანი ქსოვილების დაზიანების გამო შეიმჩნევა კოჭლობა, საქონელი ათრევს კიდურებს, სხვადასხვა კუნთების გაშეშება და სხვა.

ემკარის ამთვისებლობით გამოირჩევა 3 თვიდან 4 წლამდე ცხოველი, განსაკუთრებით კი გადასუქებული საქონელი, რადგან მათ ორგანიზმში არის ჭარბი რაოდენობით გლიკოგენი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული ბაქტერიების სხოველქმედებისთვის.

დაცემული ცხოველის ლეშში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით სპორები, რომლებიც ვრცელდება ნიადაგში, საკვებში, წყალში და სხვა. შესაბამისად დაავადების აღმძვრელი შეიძლება იყოს წყალიც, რომელიც გამოიყენება საქონლის დასაბანად. ასეთ ადგილებში სპორები ინარჩუნებენ საკუთარ მომაკვდინებელ პოტენციალს 10 ან მეტი წლის განმავლობაში.

ხშირ შემთხვევაში საქონლის დაავადება ხდება უშუალოდ საკვებთან ერთად სპორების გადაყლაპვით.

დაავადების დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკა საკმაოდ კომპლექსურია, რაც ითვალისწინებს:

  • დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების არსებობას;
  • დაავადების სეზონურობას – დაავადება ხშირ შემთხვევაში თავს იჩენს წლის ცხელ მონაკვეთში (ზაფხულში);
  • ლეტალური შედეგის მაღალ მაჩვენებელს;
  • დაავადების სტაციონარობას და სხვა.

დაავადების პათ-ანატომიური დიაგნოსტიკა არ ხდება, გარკვეული რისკების არსებობის გამო. არსებობს იმის მაღალი საშიშროება, რომ სპორა გავრცელდეს ნიადაგში ან წყალში და გამოიწვიოს სხვა ცხოველის დაავადებაც. ასევე აკრძალულია ემკარით დაავადებული ცხოველების დაკვლა. ხშირ შემთხვევაში ემკარით დაავადებულ ცხოველს წვავენ.

ამ დაავადების დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლაბორატორიულ გამოკვლევას, რა დროსაც ნიმუში იღება დაზიანებული კუნთოვანი მასის მოჭრით, აღნიშნული კუნთოვანი ქსოვილის ანაჭერი უნდა იყოს აღებული წამონაზარდების ადგილას, ხოლო ნიმუში უნდა აიღოს გამოცდილმა ვეტერინარმა.

მკურნალობა და პროფილაქტიკა

მკურნალობას შედეგი აქვს მხოლოდ დაავადების ნაადრევ ეტაპზე. მკურნალობა ხდება კუნთოვან ქსოვილებში სხვადასხვა ანტიბაქტერიული პრეპარატების შეყვანით. კლინიკური ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდით ვეტერინარ ექიმს.

პრევენციისთვის აუცილებელია ცხოველების ვაქცინაცია ამ დაავადების წინააღმდეგ. ყურადღება ექცევა საძოვრებს. საქონელი უნდა იყოს გაშვებული მხოლოდ კეთილსაიმედო საძოვრებზე, ასევე აუცილებელია საძოვრებზე წყლის წინასწარი შემოწმება. ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს საძოვრებზე გაშვებამდე არაუგვიანეს 2 კვირით ადრე.