ინფექციური სტომატიტის (სველი დრუნჩის) დაავადებას იწვევს ვირუსი, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სტომატიტის მიმართ ამთვისებლობით გამოირჩევიან ახალგაზრდა ბოცვრები 20 დღიდან 6 თვემდე ასაკით. დაავადების გადატანის შემთხვევაში ბოცვრები იძენენ მყარ იმუნიტეტს მთელი ცხოვრების განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ სტომატიტი ხშირ შემთხვევაში სეზონური დაავადებაა და თავს იჩენს გაზაფხულსა და შემოდგომაზე, რაც დაკავშირებულია შობადობის მაჩვენებლის მომატებასთან.

ინფექციური სტომატიტი ფართოდ გავრცელებული დაავადება და იწვევს საკმაოდ დიდ ფინანსურ დანახარჯს. გამოჯანმრთელებული ბოცვრების ხორცის საკვებად გამოყენება დასაშვებია.

კლინიკური ნიშნები

დაავადების კლინიკური ნიშნებიდან გამოირჩევა ბეწვის შეფერილობის შეცვლა, რომელიც განსაკუთრებით შესამჩნევია ღია ფერის ბოცვერზე, რა დროსაც თეთრი ან ღია ფერის ბეწვი მკვეთრად მუქდება.

პირის ღრუში, კბილებზე და ტუჩებზე ჩნდება დამახასიათებელი ნადები. დაავადების განვითარებასთან ერთად მძაფრდება კლინიკური ნიშნებიც, ძლიერდება ნერწყვდენა და პირის ღრუში ჩნდება სხვადასხვა ზომების წყლულები (ხშირ შემთხვევაში ენაზე). სწორედ ამიტომაც ჰქვია ამ დაავადებას „სველი დრუნჩი“ – გაძლიერებული ნერწყვდენისას ბოცვრებს უსველდებათ დრუნჩი.

შეუძლებელია ფერმერმა ვერ შეამჩნიოს აღნიშნული სიმპტომები. გაძლიერებული ნერწყვდენა არ წყდება სულ გამოჯანმრთელებამდე, შესაბამისად დრუნჩი მუდმივად სველია.

ორგანიზმის ტემპერატურის ხშირი ცვალებადობა, ასევე მიუთითებს ინფექციურ სტომატიტს. ამ დაავადებისთვის ასევე დამახასიათებელია ჭამის დროს ხმების გამოცემა.

დაავადების კლინიკური ნიშნების უგულველყოფისას და დროული მკურნალობის ჩატარების გარეშე ცხოველი იკლებს წონაში და კვდება. ცოცხალი წონის დაკარგვა გამოწვეულია ძლიერი ტკივილებით პირის ღრუში, რა დროსაც ბოცვერი უარს ამბობს საკვებზე და შესაბამისად კლებულობს წონაში.

დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ და ქრონიკულად. ქრონიკული მიმდინარეობისას ორგანიზმი მარტივად უმკლავდება დაავადებას და შედეგად ბოცვერს უყალიბდება მყარი იმუნიტეტი. ხოლო მწვავე მიმდინარეობისას მოსალოდნელია ლეტალური შედეგი.

დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა

იმ შემთხვევაში თუ ფერმაში აღმოჩნდა დაავადება მსგავსი კლინიკური ნიშნებით, აუცილებელია დაავადებული ბოცვრების იზოლაცია და გალიის ხარისხიანი დეზინფექცია. დაავადების დროული იდენტიფიკაცია და მკურნალობა იძლევა დადებით შედეგებს.

იმ შემთხვევაში, თუ დაავადებული ბოცვერი უარს ამბობს საკვებზე ეჭვი მისატანია   ინფექციურ სტომატიტზე და ტკივილებზე პირის ღრუში. შესაბამისად საკვები რაციონიდან უნდა იყოს ამოღებული მაგარი საკვები და იყოს ჩანაცვლებული რბილით.