კოლიბაქტერიოზი ხბოებში მიეკუთვნება ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებას, რომელიც გამოიხატება ფაღარათით, მძიმე ინტოქსიკაციით (მოწამვლით) და ორგანიზმის გაუწყლოებით. კოლიბაქტერიოზი განსაკუთრებით ავნებს ხბოებს, რადგან მათი დამცველობითი მექანიზმები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული.

დაავადების აღმძვრელი

კოლიბაქტერიოზის აღმძვრელია პათოლოგიური ნაწლავის ჩხირი (Escherichia coli), რომელიც არ გამოირჩევა გამძლეობით სადეზინფექციო საშუალებების მიმართ.

ახალშობილი ხბოები ავადდებიან სიცოცხლის პირველივე დღეებში, დაახლოებით 1-7 დღის ასაკში, ხოლო გამავრცელებელი გზა შეიძლება იყოს შემდეგი:

  • პათოლოგიური მიკროფლორით დაბინძურებული გარემო და ნივთები;
  • ხსენი;
  • დაბინძურებული რძის ჭურჭელი;
  • ჰაერი;
  • დაუბანელი ხელები ან მოსამსახურე პერსონალის ტანსაცმელი;
  • მწერები, მღრღნელები;

ვეტერინარულ-სანიტარული ნორმების დარღვევა, დაბინძურებული ფერმა, ანტისანიტარიული პირობები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანტისანიტარიულ პირობებს ფერმაში. რადგან მეტწილად სისუფთავე ფერმებში განაპირობებს ჯანმრთელობის სტატუსს.

დაავადების გავრცელების გზა ასევე შეიძლება იყოს ნაყოფის წარმოშობის დროს, იმ შემთხვევაში თუ მაკედ მყოფი ფური არის დაავადებული კოლიბაქტერიოზით. ეს დაავადება ხშირ შემთხვევაში ფიქსირდება წლის ცივ პერიოდში – ზამთარსა და გაზაფხულზე. იმ შემთხვევაში, თუ დედა ფური აცრილია კოლიბაქტერიოზის საწინააღმდეგოდ, ხბოს გადაეცემა  პასიური იმუნიტეტი, რომელიც გრძელდება 10-14 დღის განმავლობაში.

კლინიკური ნიშნები

კოლიბაქტერიოზი ხბოების ორგანიზმში ვითარდება ძალიან სწრაფად, რა დროსაც მკვეთრად მატულობს სხეულის ტემპერატურა და გარკვეული პერიოდის შემდეგ პირიქით, სხეულის ტემპერატურა ნორმასთან შედარებით კლებულობს. ხბო გამოიყურება ძალიან სუსტად, შესამჩნევია ფაფის მაგვარი ფაღარათი. დაავადების განვითარებასთან ერთად ფაფის მაგვარი ფაღარათი იცვლება, ფეკალი ხდება თხელი, ქაფის მაგვარი და შეიმჩნევა თეთრი ფერის მინარევები.

დაავადების პირველი კლინიკური ნიშნები შეიძლება გამოჩდნენ მშობიარობიდან 24 საათის შემდეგ, რადგან პირველი 6-7 საათის განმავლობაში ბაქტერიები სწრაფად სახლდებიან ორგანიზმში, იწყებენ ტოქსინების გამოყოფას და იწვევენ გაუწყლოებას. ლეტალური შედეგის ალბათობა აღწევს 90%-ს.

კოლიბაქტერიოზის მსვლელობა შეიძლება იყოს განსხვავებული – ზე მწვავე და მწვავე.

ზე მწვავე ფორმა – 1-3 დღის ასაკში ხბოში უკვე შესამჩნევია კრუნჩხვები – ხბო ძალიან დასუსტებულია, ის წვება და ვეღარ ახერხებს ადგომას. მატულობს სხეულის ტემპერატურა 41-42oC-მდე. ხშირდება სუნთქვა და პულსი, შესაძლოა ქაფის გამოყოფა პირის ღრუდან და ცხვირიდან. ლეტალური შედეგი დგება 1-2 დღის მანძილზე.

მწვავე ფორმის დროს სიცოცხლის მე-4-5 დღის ასაკში ხბო უარყოფს საკვებს და სწრაფად სუსტდება. მუცლის ღრუ შეხებაზე ხდება მტკივნეული, იწყება ფაღარათი, რომელშიც შესამჩნევია მოუნელებელი ხსენი და დიდი რაოდენობით გაზების ბუშტუკები.

პროფილაქტიკა და მკურნალობა

დიაგნოზის დასმა ხდება კლინიკური ნიშნების, ფერმის ეპიზოოტოლოგიური და ფეკალის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაავადების დიფერენცირება სალმონელოზისგან და ვირუსული ენტერიტისგან.

ყველაზე კარგ პროფილაქტიკად შეიძლება ჩაითვალოს მოვლა-შენახვის და ჰიგიენის ნორმების დაცვა, ასევე აუცილებელია ხბოსთვის პირველი 2 საათის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ხსენის მიღება – დედისეული ანტისხეულების მიღების მიზნით. დაავადების სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია დროული მკურნალობა.

დაავადების მკურნალობისთვის შესაძლოა გამოყენებული იყოს ჰიპერ იმუნური შრატები, გამა-გლობულინი. ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენება სასურველია მხოლოდ პათოგენის ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის შესწავლის შემდეგ.

იმის გათვალისწინებით, რომ კოლიბაქტერიოზი იწვევს ორგანიზმის ძლიერ გაუწყლოებას  აუცილებელია ხბოში წყლის, მარილების და მინერალების ბალანსის სტაბილიზაცია. სასურველია გაკეთდეს ინტრავენური გადასხმები, რა დროსაც გამოყენებული უნდა იყოს ფიზიოლოგიური ხსნარი ან სხვა მასტიმულირებელი საშუალებები.