ლეპტოსპიროზი არის ზოონოზური დაავადება, რომელსაც იწვევს Leptospira სახეობის ბაქტერია. დაავადება საქონელში იწვევს პროდუქტიულობის დაქვეითებას, წონის დაკარგვას და ცუდად აისახება ფერმის ფინანსურ მდგომარეობაზე. მაკე ფურებში ლეპტოსპიროზი ხშირად იწვევს აბორტებს. დაავადების 20%-მდე შემთხვევა სრულდება ლეტალური შედეგით. დაავადების ამთვისებლები არიან ღორები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენები, ძაღლები, კატები და ადამიანებიც კი.

დაავადების გამომწვევი მიზეზი

დაავადების ძირითადი გადამტანებია მღრღნელები და გარეული ცხოველები, რომლებიც დაავადების გადატანის შემდეგ ხშირ შემთხვევაში მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩებიან გადამტანებად. გარემოში ბაქტერიები ხვდებიან შარდთან, ფეკალურ მასებთან, სპერმასთან ერთად. ლეპტოსპირები ბინადრობენ დაგუბებულ წყალში, ნესტიან გარემოში. დასნებოვნება ხშირად ხდება ნახირში გაშვების დროს, როდესაც საქონელი სვამს დაბინძურებულ წყალს. თუმცა ბაქტერიები აღწევენ ორგანიზმში კანიდანაც. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3 დღიდან –  3 კვირამდე. დაავადების მიმართ ამთვისებლობით გამოირჩევიან ახალგაზრდა ცხოველები.

მწვავედ მიმდინარე ლეპტოსპიროზის სიმპტომები

  • ცხელება;
  • საკვების უარყოფა;
  • სისუსტე და დათრგუნული მდგომარეობა;
  • ცოხნის რეფლექსის დაკარგვა;
  • წველისას შესამჩნევია ცურთითების მაღალი მგრძნობელობა;
  • დაავადების განვითარებასთან ერთად თვალის, პირის ღრუს ლორწოვან გარსებზე შესამჩნევია სიყვითლე;
  • ცრემლდენა, კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსების ანთება);
  • გართულებული შარდვა;
  • ლაქტაციისას რძის წველის რაოდენობა მკვეთრად კლებულობს, ან სრულად ქრება;
  • ახალშობილ ხბოებში მყისიერად მატულობს სხეულის ტემპერატურა და ცხვირიდან გამოიყოფა დიდი რაოდენობით ლორწო;
  • თავდაპირველად შესამჩნევია ფაღარათი. დროის განმავლობაში ფაღარათი წყდება და ვითარდება გაუვალობა;
  • კანზე და ლორწოვან გარსებზე ჩნდება წყლულები;
  • სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე შეიმჩნევა ნეკროზი;

ქრონიკულად მიმდინარე ლეპტოსპიროზის სიმპტომები

დაავადების ქრონიკულ მიმდინარეობას ახასიათებს მსგავსი სიმპტომები, როგორც მწვავე მიმდინარეობას, თუმცა კლინიკური ნიშნები ვლინდება გაცილებით ნელა.

  • საქონელი კარგავს წონას;
  • შარდი მუქი შეფერილობისაა;
  • საქონელი მარტივად ღიზიანდება გარემო ფაქტორებზე;
  • ლაქტაციისას მცირდება რძის რაოდენობა;
  • მაკეობის დროს აღინიშნება აბორტები;
  • საქონელს კანზე სცვივა ბეწვი.

დაავადების პრევენცია და მკურნალობა

ვინაიდან აღნიშნული დაავადება გადააქვთ მღრღნელებს და გარეულ ცხოველებს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კარგი ხარისხის დეზინფექცია – დერატიზაციას. ფერმაში უნდა იყოს დაცული ჰიგიენურ-სანიტარიული ნორმები. პირუტყვი უნდა იყოს გაშვებული მხოლოდ სანდო საძოვრებზე. დაუშვებელია ძროხების დარწყულება არასანდო, დაგუბებული წყლის მეშვეობით, როგორიცაა სხვადასხვა პატარა წყალსაცავი, გუბე და სხვა.

დაავადებასთან ბრძოლაში გამოიყენება სხვადასხვა სახის ანტიმიკრობული საშუალებები. კარგ შედეგს იძლევა ამოქსიცილინის და დოქსიციკლინის ჯგუფის პრეპარატები. თუმცა მკურნალობის ჩატარება რეკომენდირებულია ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატების შეძენისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ვარგისიანობა და დოზირება.