ჩლიქში სისხლის მიმოქცევის ჩვეული ფუნქციის დარღვევა არის მთავარი ეტიოლოგიური ფაქტორი, რომელიც იწვევს ლამინიტს. ჩლიქების ანთებით პროცესებზე პირდაპირ მოქმედებს ფაშვის ტუტე-მჟავა ბალანსი (pH). ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩლიქების ანთება ხდება აციდოზის შემდგომი მეორეული დაავადება. საკვებ რაციონში ნახშირწყლების დიდი შემცველობა იწვევს ფაშვის მჟავიანობის აწევას და აზიანებენ ბიკარბონატულ ბუფერულ სისტემას. pH ბალანსი არის მჟავა გარემოს და ნერწყვის წარმოქმნის (ტუტე შემცველი) ბალანსი (ბუფერული მოქმედება). ფაშვის მოქმედების დაზიანების შედეგად ანაერობული ბაქტერიები იჭრებიან ფაშვიდან და სისხლის მიმოქცევის მეშვეობით ხვდებიან სხვადასხვა ორგანოებში, რითაც აზიანებენ ღვიძლს, სხვადასხვა ორგანოებს და მათ შორის ჩლიქებს.

ლამინიტის განვითარებაში ასხვავებენ რამდენიმე ეტაპს. ლამინიტის აქტივაცია იწყება ორგანიზმში მეტაბოლურ ცვლილებებთან ერთად, ამის ძირითადი მიზეზი ფაშვის მჟავიანობის აწევაა. ამ ეტაპის შემდეგ იწყება სისხლძარღვების შეშუპება ჩლიქების არეში. საკუთარი ანატომიური განლაგების გამო დერმა, რომელიც მოქცეულია რქოვანასა და მესამე ფალანგას შორის განსაკუთრებით მგრძნობიარეა ანთებითი პროცესების მიმართ. მესამე ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს ქსოვილების მექანიკური დაზიანება, რომელიც გამოწვეულია სისხლის მიკრო ცირკულაციის და საკვები ნივთიერებების მიწოდების შეზღუდვის გამო. ამ ყველაფრის შედეგად წარმოიქმნება ცუდი ხარისხის გარქოვანებული ქსოვილი და საქონელი დაბიჯებისას განიცდის ტკივილს. მეოთხე ეტაპის დროს შეიმჩნევა ადგილობრივი მექანიკური დაზიანება, რომლის დროს ეპიდერმისი და დერმა (ქსოვილები) შორდებიან ერთმანეთს.

ასევე ლამინიტის გამომწვევი შეიძლება იყოს:

  • იატაკის ზედაპირის სიმყარე, რომლის დროსაც ჩლიქზე დატვირთვა არ არის ერთგვარი;
  • ყოველდღიური მოციონის არ არსებობა;
  • ჩლიქების ცური მოვლა;
  • კაროტინის დეფიციტი (კაროტინი დიდი რაოდენობითაა მწვანე ბალახში და ის აუცილებელია საქონლის კანის ქსოვილებისთვის);
  • მაღალი ტენი ფერმაში;
  • სიბინძურე ფერმაში, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფეკალური მასები;
  • სხვადასხვა სახის ავიტამინოზები;
  • მშობიარობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი;
  • საქონლის ფიზიკური დატვირთვა (ხანგრძლივი გადარეკვა);
  • არასრულფასოვანი კვების რაციონი;
  • ძლიერი სტრესი და სხვა.

მნიშვნელოვანია ის, რომ ლამინიტი ყველაზე ხშირად გვხვდება წელიწადის ცივ მონაკვეთში.

ლამინიტის კლინიკური ნიშნები

ყველაზე გავრცელებული კლინიკური ნიშანია საქონლის სიკოჭლე და მისი გამოვლინების შემდეგ აუცილებელია ჩლიქის კარგად დასუფთავება და დათვალიერება. ასევე კლინიკური ნიშნებიდან აღსანიშნავია:

  • საქონელი ხშირად წევს და გაჭირვებით დგება;
  • საქონელი გაღიზიანებულია და შეიმჩნევა კუნთების კანკალი;
  • შესაძლოა ჩლიქზე გარქოვანებული ქსოვილის აქერცვლა;
  • ჩლიქზე შეხებისას საქონელი განიცდის ტკივილს;
  • ჩლიქის დეფორმაცია;
  • ძლიერი ტკივილის შემთხვევაში ქვეითდება ან სრულად იკარგება მადა;
  • საქონლის პროდუქტიულობა მცირდება, შესაძლოა წველი სრული შეწყვეტა.

დაავადების მკურნალობა და პროფილაქტიკა

ლამინიტის მკურნალობისთვის აუცილებელია გამომწვევი მიზეზების ლიკვიდაცია. შემდგომ საქონლისთვის აუცილებელია დასვენება და რბილი ქვეშსაგები. ანთებითი პროცესების ლიკვიდაციის მიზნით გამოიყენება სხვადასხვა სახის ანტიბაქტერიული საშუალება. გასათვალისწინებელია, რომ ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ რძის გამოყენება ადამიანისთვის ნებადართული არ არის.

ლამინიტის პრევენციისთვის აუცილებელია შემდეგი:

  • დაბალანსებული კვების რაციონი;
  • თიხის ცივი კომპრესები;
  • ჩლიქის რეგულარული დასუფთავება;
  • ჩლიქის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით;
  • მექანიკური დაზიანებების შემთხვევაში, ჩლიქის გადახვევა სრულ გამოჯანმრთელებამდე.