მესაქონლეობის დარგი განუყოფელია სოფლის მეურნეობაში. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მაქსიმალური პროდუქტიულობისათვის აუცილებელია მათი სათანადო მოვლა და დაავადებებისგან დაცვა, რადგან ყველაზე დიდ საშიშროებას ფერმაში წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებები, რომლებიც მკვეთრად ამცირებენ საქონლის პროდუქტიულობას და იწვევენ სიკვდილსაც კი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საშიში დაავადება მესაქონლეობაში არის პასტერელოზი.

რა არის პასტერელოზი

პასტერელოზი არის ინფექციური დაავადება, რომელიც ძალიან სწრაფად აღწევს ორგანიზმში და ასევე სწრაფად აზიანებს მას. ამ დაავადების პრევენციული ღონისძიებების უგულველყოფა ან ნაადრევ ეტაპზე დიაგნოსტიკის არ არსებობამ, შეიძლება გამოიწვიოს ცხოველის ლეტალური შედეგი 24 საათის განმავლობაში.

ამ დაავადებით ავადდება ნებისმიერი ასაკის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თუმცა განსაკუთრებით საშიშია ხბოებისთვის, რომლების იმუნიტეტი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. ასევე პასტერელოზით მარტივად ავადდებიან აუცრელი ცხოველები.

პასტერელოზი გავრცელებულია მთელი დედამიწის მასშტაბით. დაავადებულ საქონელში იშლება ორგანოების და სხვადასხვა სისტემების ნორმალური ფუნქციონირება. პასტერელოზი ასევე იწვევს მეორეულ დაავადებებს, როგორიცაა ჩირქოვანი პნევმონია, ღვიძლისა და ელენთის ნეკროზი, სისხლის მოწამვლა, კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსების ანთება) და სხვა პათოლოგიები.

დაავადების აღმძვრელი

დაავადების აღმძვრელია აერობული ბაქტერია Pasteurella, რომელიც დიდი რაოდენობით მოქცეულია ცხოველის ლორწოვან გარსებზე. აღნიშნული მიკროორგანიზმი წარმოადგენს უმოძრაო, მოკლე, ოვალურ ჩხირს, რომელიც მოთავსებულია წყვილების ან ძეწკვის სახით. იმუნიტეტის დაქვეითების შედეგად ის ხვდება სისხლში და სწრაფად ვრცელდება მთელს ორგანიზმში. შედეგად ჩნდება სხვადასხვა სახის შეშუპებები, ასევე სისხლჩაქცევები სხვადასხვა ორგანოებში.

დღესდღეობით ცნობილია პასტერელას 9 სხვადასხვა სახეობა, თუმცა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის საშიშია 2:

  • multocida;
  • haemolytica.

მიუხედავად სახეობისა, პასტერელა ძალიან მგრძნობიარეა გარემო პირობების მიმართ. მას მარტივად ანადგურებს მაღალი ტემპერატურა და მზის პირდაპირი სხივები. ასევე აღნიშნული ბაქტერია ძალიან მგრძნობიარეა სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებების მიმართ. შესაბამისად ეს დაავადება ჩნდება იმ ფერმებში, სადაც ცუდად არის დაცული ჰიგიენის ზოგადი წესები და არ ხდება ფერმის დეზინფექცია.

დაავადების გავრცელების გზები

აღნიშნული დაავადება ვრცელდება ძალიან სწრაფად, ხოლო გამავრცელებელი გზები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, როგორიცაა ჰაერი, საკვები, წყალი, ქვეშსაგები, ფეკალი, შარდი, სხვადასხვა ლორწოვანი გამონადენი და სხვა. გარდა ამისა ბაქტერიები ვრცელდება არა მხოლოდ დაავადებული ცხოველისგან, ასევე დაავადება გადატანილ ცხოველისაგან.

სპონტანური დასნებოვნების ერთ-ერთ მიზეზად ითვლება ცხოველის ხანგრძლივი გადარეკვა ან ტრანსპორტირება, რადგან ეს ღონისძიებები მკვეთრად ასუსტებენ იმუნიტეტს.

ასევე ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია სეზონურობა, ხშირ შემთხვევაში ის ჩნდება ზაფხულის მეორე ნახევრიდან – შემოდგომის ბოლომდე.

დაავადების სიმპტომები

დაავადების სიმპტომები სხვადასხვანაირია, ის დამოკიდებულია ცხოველის იმუნურ სისტემაზე და ასაკზე. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა რაოდენობით შეიჭრა ბაქტერია ორგანიზმში. ამიტომაც ვეტერინარები ასხვავებენ დაავადების მიმდინარეობის რამდენიმე ფორმას.

მწვავე მიმდინარეობა

მწვავე მიმდინარეობის დროს პირველი სიმპტომატიკა შემდეგია:

  • დათრგუნული მდგომარეობა და საკვების უარყოფა;
  • გახშირებული სუნთქვა და გულის ცემა;
  • სხეულის მაღალი ტემპერატურა – 40 და ზემოთ;
  • წველადობის შეჩერება;

ასევე მწვავე მიმდინარეობა შეიძლება იყოს სამი სხვადასხვა ფორმის – მკერდის, კუჭ-ნაწლავის; შეშუპებითი.

მკერდის ფორმას ხშირ შემთხვევაში თან ახლავს პლევროპნევმონია, შესაბამისად ზოგად კლინიკურ ნიშნებს ემატება:

  • ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი;
  • სუნთქვის გახშირება;
  • ფაღარათი, ხანდახან სისხლის მინარევებით;
  • ფილტვების მოსმენისას შესამჩნევია ხახუნის ხმა;
  • ჩნდება მშრალი და ძლიერი ხველა;

კუჭ-ნაწლავის ფორმის დროს შესამჩნევია შემდეგი დამატებითი სიმპტომები:

  • ძლიერი წყურვილის გრძნობა; მადა დაქვეითებულია;
  • წონაში სწრაფი კლება;
  • ლორწოვანი გარსების სილურჯე;

შეშუპებითი ფორმა განსაკუთრებით საშიშია მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, რადგან შედეგი ხშირად მთავრდება ლეტალობით, პირველი კლინიკური ნიშნებიდან 24-48 საათში, სიმპტომატიკა კი შემდეგია:

  • რძის წველადობის სრული შეჩერება და ცურზე შეშუპებითი წყლულების წარმოქმნა;
  • შეშუპების წარმოქმნა ცხოველების სხვადასხვა ნაწილებში, მაგალითად სასქესო ორგანოებზე, კიდურებზე, მუცელზე და სხვა;
  • ხშირი სუნთქვა;
  • ასფიქსია, რომელიც გამოწვეულია შეშუპებით კისრის მიდამოში, ხშირად სწორედ ის სხდება სიკვდილის მიზეზი.

ქვემწვავე ფორმა

ქვემწვავე ფორმა ძროხაში მიმდინარეობს გაცილებით ნელა, დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს 2 კვირის განმავლობაში. დაავადების მსვლელობის დასაწყისში სიმპტომები არც თუ ისე მკაფიოდ არის გამოხატული, თუმცა ისინი ნელ-ნელა ვითარდებიან და შესამჩნევი ხდება შემდეგი:

  • სხეულის მაღალი ტემპერატურა;
  • ხშირი, მშრალი ხველა;
  • მადის დაქვეითება და დასუსტებული მდგომარეობა;
  • ძლიერი წყურვილის გრძნობა;
  • გამონადენი ცხვირიდან, თავდაპირველად ლორწოვანი, რომელიც ნელ-ნელა ხდება ჩირქოვანი;
  • ჩნდება შეშუპებები კისრის და თავის მიდამოში;
  • თვალის ლორწოვანი გარსების ანთება.
ქვემწვავე მიმდინარეობის შედეგი

ზე მწვავე მიმდინარეობა

პასტერელოზის ზე მწვავე ფორმა შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე საშიშად, რადგან შედეგი ხშირ შემთხვევაში ფატალურია. ლეტალური შედეგი დგება ინკუბაციური პერიოდიდან 12 საათის განმავლობაში. სწრაფად მიმდინარე მსვლელობის გამო ძალიან რთულია კლინიკური ნიშნების დადგენა, თუმცა ნიშნები შემდეგია:

  • მკვეთრად მატულობს სხეულის ტემპერატურა 42 გრადუსამდე;
  • ჩნდება ძლიერი შეშუპებები კისრის, მკერდის, მუცლის არეში, ასევე შინაგან ორგანოებზე;
  • ძლიერი ფაღარათი, რომელშიც აღინიშნება დიდი რაოდენობით სისხლი.

ზე მწვავე მიმდინარეობისას ლეტალური შედეგი დგება გულის ძლიერი უკმარისობის და ფილტვების შეშუპების ხარჯზე ისე, რომ კლინიკური ნიშნები ვერ ასწრებენ ჩამოყალიბებას.

ქრონიკული მიმდინარეობა

პასტერელოზის ქრონიკული მიმდინარეობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მიმდინარეობს 2 თვემდე. კლინიკური ნიშნები თავს იჩენენ ნელ-ნელა და ხშირად მათი ამოცნობა ვერ ხდება დროულად. თუმცა აუცილებელია ყურადღება მიექცეს შემდეგ კლინიკურ ნიშნებს:

  • გახშირებული სუნთქვის ტემპი;
  • საკვების უარყოფა, რაც განაპირობებს წონაში სწრაფ კლებას;
  • კიდურების სახსრების შეშუპება;
  • ფაღარათი, ხშირად სისხლის მინარევებით.

დაავადების დიაგნოსტიკა

პასტერელოზი არის ინფექციური დაავადება, რომლის კლინიკური ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია სწრაფი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში გამოკვლევისთვის აუცილებელია ცხვირიდან მიღებული ლორწოს და სისხლის კვლევა.

პატ-ანატომიური კვლევის შემთხვევაში დიდი ყურადღება ენიჭება შინაგანი ორგანოების და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემების შესწავლას. დადებითი პასუხისთვის დამახასიათებელია შემდეგი პათ-ანატომიური ცვლილებები:

  • ძლიერი სისხლჩაქცევები შინაგან ორგანოებში – გული, ფილტვები, კუჭ-ნაწლავი და სხვა.
  • კანქვეშ დაგროვებული სისხლის ან ლიმფის ნაწილაკები;
  • ლიმფური კვანძების ზომაში მომატება;
  • ანთებითი პროცესები სხვადასხვა ქსოვილებში და ორგანოებში.
პასტერელოზით დაავადებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფილტვები

მკურნალობა

დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია საქონლის იზოლაცია. საბინადრო ადგილი აუცილებლად უნდა იყოს მშრალი, თბილი და კარგად ნიავდებოდეს. აუცილებელია ცხოველი გადაყვანილი იყოს სპეციალურ რაციონზე, რა დროსაც საკვებში დამატებული უნდა იყოს სხვადასხვა სახის ვიტამინები, მინერალები და სხვა საზრდო ნივთიერებები ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუ, დაავადების დიაგნოსტიკა მოხდა ნაადრევ ეტაპზე შესაძლებელია პასტერელოზის საწინააღმდეგო შრატის დამზადება.

მკურნალობის კურსი მიზანმიმართულია ორი განხრით:

სიმპტომატური მკურნალობა – რა დროსაც ცხოველს ეძლევა პრეპარატები, რომელებიც აუმჯობესებენ შინაგანი ორგანოების და სიცოცხლისთვის აუცილებელი სისტემების ფუნქციას.

სპეციფიკური თერაპია – ცხოველს ეძლევა პრეპარატები, რომლებიც ებრძვიან ინფექციას.

ასევე, სასურველია ანტიბიოტიკოთერაპიის კურსის ჩატარება, რა დროსაც ანტიბიოტიკები ეხმარებიან ცხოველს ანთებითი პროცესების ლიკვიდაციაში და ასევე თრგუნავენ პასტერელოზის გამომწვევი აგენტის მოქმედებას.

მკურნალობის კურსი უნდა იყოს ჩატარებული სრულ გამოჯანმრთელებამდე. დაავადება გადატანილი ცხოველები იჩენენ იმუნიტეტს 6-12 თვის განმავლობაში.

საუკეთესო გზად შეიძლება ჩაითვალოს პრევენციული ღონისძიებები – აუცილებელია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაცია პასტერელოზის წინააღმდეგ. ვაქცინაციის კურსთან დაკავშირებით რეკომენდაციის მისაღებად მიმართეთ ვეტერინარ ექიმს.

გარდა ვაქცინაციისა დიდი ყურადღება ენიჭება მოვლა-შენახვის, კვების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, რადგან სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებენ ცხოველის ჯანმრთელობას.