ბრუცელოზი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქრონიკული დაავადებაა მესაქონლეობაში, რომელიც ასევე საშიშია ადამიანებისთვის. მეურნეობა, რომელშიც აღმოჩენილია ბრუცელოზი იხურება და ხვდება მკაცრ კარანტინში.

რა იწვევს ამ დაავადებას

დაავადების აღმძვრელია გრამ უარყოფითი ბაქტერია Brucella. შესწავლილია ამ ბაქტერიის 6 სახეობა, თუმცა დიდი განსხვავება მათ შორის არ არის. ყველა მათგანი გამძლეა დაბალი ტემპერატურების მიმართ და გაყინულ მდგომარეობაში ინარჩუნებენ სიცოცხლის უნარიანობას წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში. თუმცა ბაქტერია არ არის გამძლე მაღალი ტემპერატურის მიმართ – ადუღებულ წყალში ის კვდება მყისიერად.

ბაქტერია შეიძლება შეიჭრას ორგანიზმში ნიადაგიდან, წყლიდან, საკვებიდან, ხოლო საბინადრო არეალი შეიძლება იყოს როგორც დაბინძურებული ფეკალი ისე მოვლა-შენახვის ნივთები. ორგანიზმში შეჭრის შემდეგ ის ბინადრობს შინაგანი ორგანოების ლორწოვან გარსებზე. დაავადება ხდება როგორც ალიმენტარული, ასევე აირ-წვეთოვანი და ლორწოვანი გარსებიდან შეჭრის გზებით. მექანიკური დაზიანება ასევე წარმოადგენს დაავადების შეჭრის რისკს, იმ შემთხვევაში თუ კანის ზედაპირი დაზიანებულია და ჰქონდა შეხება დაავადების გადამტანთან. ხოლო დაავადების მატარებლებიდან გამოირჩევიან სისხლის მწოველი პარაზიტები, მწერები, მღრღნელები და გარეული ცხოველები.

როგორ ვითარდება დაავადება

ორგანიზმში შეჭრის შემდეგ ბაქტერია მრავლდება ლიმფურ კვანძებში და ვრცელდება სხვადასხვა შინაგან ორგანოში. ეს პერიოდი გრძელდება 3-5 დღე. ამის შემდეგ დაავადება შეიძლება გადავიდეს ქრონიკულ ფორმაში, მკაფიო კლინიკური ნიშნების გარეშე, ხოლო დაავადებული ცხოველი იქნება ამ ბაქტერიის მატარებელი დიდი დროის განმავლობაში.

დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენის მასტიმულირებელი ფაქტორი ხდება მაკეობა – ამ დროს ბაქტერია დიდი რაოდენობით მრავლდება საშვილოსნოს მიდამოში და ვრცელდება სახსრებში, შარდ-სასქესო ორგანოებში, კანის საფარში და ა.შ.

საშიშროება ადამიანებისთვის

ბრუცელოზით ადამიანის დასნებოვნება ხდება ბაქტერიებით დაბინძურებული რძის მიღების დროს და ასევე დაბინძურებული რძისგან მიღებული ნაწარმით კვებისას (რძე, ყველი, მაწონი, ხაჭო და ა.შ.). ასევე თერმულად ცუდად დამუშავებული ხორცპროდუქტების გამოყენებით. ასევე დაავადების გადაცემა შეიძლება მოხდეს დაავადებულ ცხოველთან მუშაობის დროს.

დაავადების კლინიკური ნიშნები

ამ დაავადების პირველი დამახასიათებელი თვისება არის აბორტები მე-5-8 თვის მაკეობის დროს. ამის მიზეზია ბაქტერიის შეჭრა საშვილოსნოში და მისი გამრავლება, რაც იწვევს ლორწოვანი გარსების დაზიანებას, ანთებით პროცესებს, ნაყოფის დაზიანებას და მის გამოდევნას. ასევე ხშირია მომყოლის შეკავება, რაც თავის მხრივ იწვევს ენდომეტრიტებს და მასტიტებს.

საქართველოში სანიტარიულ და ვეტერინარულ წესებში წერია, რომ ბრუცელოზით დაავადებული ცხოველი არ ექვემდებარება მკურნალობას და საჭიროა მისი უტილიზაცია, ხოლო აღნიშნული ფერმა ექვემდებარება კარანტინის დაწესებას.

პრევენცია

  • ახალი პირუტყვის შესყიდვისას მოათავსეთ ის კარანტინში 30 დღის განმავლობაში
  • აუცილებელია ფერმაში სისუფთავის შენარჩუნება, ხარისხიანი დეზინფექციების ჩატარება, დეზინსექცია და დერატიზაცია
  • საქონლის სრული სულადობა ექვემდებარება ბრუცელოზზე რეგულარულ გამოკვლევებს (არანაკლებ წელიწადში 2 ჯერ)