მებოცვრეობაში ფერმერები ხშირად ხვდებიან პრობლემას, როგორიცაა მუცლის შებერილობა. ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი ატარებს პოლიეტიოლოგიურ ხასიათს, ანუ გამომწვევი მიზეზი რამდენიმეა. ხშირ შემთხვევაში შებერილობის მიზეზებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, სტრესი, არასრულფასოვანი კვების რაციონი ან მოვლა-შენახვის პირობების დარღვევა. ამ პათოლოგიასთან ბრძოლისას აუცილებელია დადგენილი იყოს გამომწვევი მიზეზი, ხოლო შემდგომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია და კომპლექსური მკურნალობის ჩატარება.

მუცლის შებერილობის შესაძლო გამომწვევი მიზეზები

მუცლის შებერილობა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მიზეზებმა. ძირითადი მიზეზებიდან აღსანიშნავია:

  • ცვლილებები საკვებ რაციონში (მაგალითად ასხლეტის დროს დედის რძიდან უხეშ მასაზე გადასვლა).
  • დიდი რაოდენობით კომბოსტოს, ბარდის გამოყენება ბოცვრის კვებაში.
  • ბოცვრის კვებაში უჯრედანით ღარიბი და ამავდროულად კალორიული საკვების გამოყენება.
  • დასველებული საკვების გამოყენება (ბალახი, თივა, სხვადასხვა ბოსტნეული).
  • ორგანიზმის გაუწყლულება.
  • დედა ბოცვრის ბეწვის ჭამა.
  • დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკების გამოყენება.
  • უმოძრაობა.
  • სტრესი – ერთი გალიიდან ბოცვრის გადანაცვლება სხვა გალიაში.
  • ამინდის ცვალებადობა.
  • შორ მანძილზე ტრანსპორტირება.
  • სხვადასხვა დაავადებები (კბილების დაზიანება, ანთებითი პროცესები პირის ღრუში, კანის დაავადებები და სხვა.)

ტიმპანიით ავადდებიან ძირითადად ახალგაზრდა ბოცვრები, განსაკუთრებით ასხლეტის შემდეგ, ამის მიზეზია ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორა. შებერილობის დროს შესიებული მუცელი აწვება დიაფრაგმას, რის გამოც ბოცვერს უჭირს სუნთქვა. ამის გამო მოსალოდნელია ლეტალური შედეგიც. ხშირია ასევე ლეტალური შედეგის მიღება ინტოქსიკაციის გამო, რომლის დროს მუცელში დაგროვილი გადაუმუშავებელი საკვები იწვევს ძლიერ მოწამვლას.

ტიმპანიის კლინიკური ნიშნები

მუცლის შებერილობა შეიძლება არ იყოს მკვეთრად გამოხატული და არ ატარებდეს მძიმე ხასიათს, ამ დროს იშვიათად შესამჩნევია მუცლის ღრუს სპაზმები, მადის დაქვეითება და ბოცვრის მოწყენილობა. თუმცა დაავადების განვითარებასთან ერთად შესამჩნევია:

  • მეტეორიზმი, მუცელში შხეფის ხმა;
  • მადის დაკარგვა ან საკვების სრულად უარყოფა;
  • სხეულის ტემპერატურის სწრაფი დავარდნა;
  • ბეწვის ცვენა;
  • კანკალი, შიშის გრძნობა;
  • დეფეკაციის არ არსებობა (ან ფეკალური მასებისგან ფორმირდება პატარა ბურთულები).

ტიმპანიის დიაგნოსტიკა შესაძლებელია მუცლის პალპაციით (ხელის შეხებით), მუცლის შებერილობისა და წყლის არსებობის დასადგენად. სასურველია მოსმენილი იყოს მუცელი შხეფების ხმის არსებობაზე.

მკურნალობა

მუცლის შებერილობის აღმოჩენის შემთხვევაში, ბოცვერი გადაჰყავთ ინდივიდუალურ გალიაში. პირველი 15 საათის განმავლობაში ინიშნება მშიერი დიეტა, რომლის დროს ნებადართულია მხოლოდ წყლის მიცემა, რომელიც წინასწარ უნდა იყოს ადუღებული. 15 საათის გასვლის შემდეგ შესაძლებელია ბოცვრის გამოკვება ხარისხიანი თივით. საკვები რაციონიდან აუცილებელია ბოსტნეულისა და ხილის ამოღება.

ტიმპანიის მკურნალობის მეთოდოლოგია დამოკიდებულია მის სიმძიმეზე.

სუსტი მიმდინარეობის დროს შესაძლოა გამოყენებული იყოს ნახშირის აბები, რომლებიც წინასწარ უნდა იყოს დაფქვილი და წყალში გახსნილი. წყალში გახსნილი უნდა იყოს 2-3 აბი.

მიზანშეწონილია მუცლის მასაჟი. ფრთხილი მოძრაობებით მუცლის მასაჟი უნდა გრძელდებოდეს 5-10 წუთის განმავლობაში. ასევე შესაძლებელია ოყნის გამოყენება. ოყნისთვის გამოყენებული უნდა იყოს თბილ წყალში გახსნილი სუსტი, მცენარეულ ბაზაზე დამზადებული საფაღარათო საშუალებები. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ორგანიზმიდან გაზების გამოდევნას.

მწვავე ტიმპანიის დროს აუცილებელია სხვადასხვა ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენება. პრეპარატის შერჩევისთვის დაუკავშირდით ვეტერინარს. ხშირად მწვავე ტიმპანიის დროს გამოიყენება ბიომიცინი. აუცილებელია პრეპარატის ვარგისიანობის შემოწმება და სწორი დოზირება.

გამოყენებული შეიძლება იყოს ტიმპანოლი, რომელსაც ხსნიან წყალში 1:4 თან თანაფარდობით და ისე ასმევენ ბოცვერს. პრეპარატის მიცემა აუცილებელია დღეში არანაკლებ 5 ჯერ.

კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის მოწესრიგების მიზნით სასურველია გამოყენებული იყოს პრობიოტიკები.

ტიმპანიის პროფილაქტიკა

  • აუცილებელია ფერმაში მოვლა-შენახვის წესების დაცვა – გალიები აუცილებლად უნდა დასუფთავდეს ფეკალური მასებისა და ბეწვისგან. გალია უნდა იყოს საკმაოდ ფართო, რომ ბოცვერმა თავისუფლად შეძლოს მოძრაობა.
  • გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი საკვები, სანდო მომწოდებლისგან.
  • პერიოდულად გამოიყენეთ სხვადასხვა ბალახის ნაყენი (პიტნა, გვირილა) ან მიაწოდეს ბალახი მშრალი სახით (გვირილა, ბაბუაწვერა, კამა)

აუცილებლად დაამუშავეთ ბოცვერი კოკციდიოზის წინააღმდეგ, რადგან ეს დაავადება იწვევს მუცლის შებერილობას. თუ ბოცვერი არ დამუშავდება ამ დაავადების წინააღმდეგ, დაავადების გაჩენის ალბათობა 80%-ზე მეტია.