მშობიარობის დაწყებამდე, 1-2 კვირით ადრე ძროხას მკვეთრად ეზრდება ცური და დუნდება მენჯის ლიგატები, რაც მკვეთრად შესამჩნევია კუდის დასაწყისში, ვულვა დიდდება ზომაში, ხოლო მშობიარობამდე 1-2 დღით ადრე შესამჩნევია საშოდან სითხის გამოყოფა და ცურში იმატებს ხსენის რაოდენობა. იშვიათ შემთხვევაში ცურში ხსენი გროვდება უფრო ადრეც, შესაძლოა მშობიარობის პროცესში ან მყისიერად მშობიარობის შემდეგ.

საქონლის მშობიარობა  იწყება მომზადების პერიოდიდან. ამ პერიოდში შესამჩნევია საქონლის მოუსვენრობა, ის აბაკუნებს ფეხებს, ხშირად წვება და დგება, შესამჩნევია ხშირი შარდვა და დეფეკაცია. მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობა 3-8 საათია.

მომზადების პერიოდის დასრულების შემდეგ იწყება მშობიარობა. საშვილოსნოს და მუცლის კედლის კუნთების კუმშვის მეშვეობით, ნაყოფის გარშემო მყოფი გარსები, სითხესთან ერთად აწვება საშვილოსნოს ყელს, ხსნიან მას და ბუშტის სახით გადაედინება საშვილოსნოდან სამშობიარო არხებში.  ამ მომენტში ხდება ნაყოფის გადატრიალება – ზურგით ზემოთ, ნაყოფი შლის ფეხებს და თავს წინ და ამ პოზაში ტოვებს საშვილოსნოს. (იხ. სურათი)

მშობიარობის დროს ნაყოფის სწორი განლაგება

ნორმალური მშობიარობის დროს ნაყოფი განლაგებულია ზურგით ზემოთ, წინ გაშლილი ფეხებით და ფეხებზე დადებული თავით, თუმცა გვხვდება შემთხვევები, როდესაც საშვილოსნოდან ნაყოფი გამოდის უკანა ფეხებით.

იმისთვის, რომ მივხვდეთ, თუ რა მდგომარეობაშია ნაყოფი შეგვიძლია გავითვალისწინოთ:

იმ შემთხვევაში, თუ ჩლიქები მიმართულია დაბლა, ნაყოფი იმყოფება სწორ პოზაში, ხოლო თუ ჩლიქები მიმართულია მაღლა, ნაყოფი გადატრიალებულია და გამოდის უკანა ფეხებით წინ. იმ შემთხვევაში, თუ საქონელს ჰყავს ტყუპები – ერთი ნაყოფი გამოდის წინა ფეხებით, ხოლო მეორე უკანა ფეხებით.

  1. მშობიარობისთვის დამახასიათებელი ნორმალური პოზა
  2. ხბო იბადება ამოტრიალებულ პოზაში
  3. არადამახასიათებელი მშობიარობის პოზა

საქონელში მშობიარობის დრო მერყეობს 20 წუთიდან 6 საათამდე და ხშირ შემთხვევაში მთავრდება კეთილსაიმედოდ, ადამიანის ჩარევის გარეშე. თუმცა შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრული იყოს მშობიარობის მიმდინარეობა, რადგან გასათვალისწინებელია, რომ ძროხის ნაყოფი საკმაოდ მასიურია და სხეულის მასა შეიძლება მერყეობდეს 20კგ-დან 40კგ-მდე. ხბოს შუბლის წილი, სხეულის ნაწილი და მენჯი განსაკუთრებით დიდია მოცულობაში. ეს ნაწილები არც, თუ ისე იშვიათად იჭედება სამშობიარო არხში და მშობიარობის პროცესი იწელება. ამასობაში ნერვულ დაბოლოებებზე ზეწოლის შედეგად საქონელი განიცდის ძლიერ ტკივილებს. შედეგად ძროხა ხდება მოუსვენარი და ხშირ შემთხვევაში ხმამაღლა ღმუის.

შესაბამისად მოულოდნელი გართულების პრევენციის მიზნით, მშობიარობის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს გამოცდილი ადამიანის მეთვალყურეობის ქვეშ.

შენობაში, რომელშიც მიმდინარეობს მშობიარობის პროცესი აუცილებლად უნდა იყოს დაცული სიჩუმე, განსაკუთრებით უშობელ საქონელთან, რომელიც არ არის შეჩვეული და გამოხატავს მეტ რეაქციას ადამიანის ჩართულობისას მშობიარობის პროცესში. მშობიარობის პროცესში ჩართვა დასაშვებია მხოლო სუფთა ხელებით, ასევე წინასწარ ჩამობანილი უნდა იყოს საშო და კუდი. საქონლის დახმარების შემთხვევაში, დამხმარე ადამიანი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა უყურებდეს, თუ როგორ გამოდის ხბოს თავი. გართულებული მშობიარობისას, ან სასქესო არხის ზედმეტი გაწელვის შემთხვევაში, დამხმარე ადამიანმა ნელი მოძრაობით, ხელის გულებით უნდა მიაწვეს ხბოს თავს, რაც სტიმულაციას აძლევს საქონელს და აფრთხილებს საშოს სამომავლო ძლიერი გაწელვის შესახებ. დაუშვებელია საშოს ტუჩების ხელებით დაშორება, რადგან ამ მოქმედებამ შეიძლება გამოწვეული იყოს მისი გახლეჩა.

იმ შემთხვევაში, თუ თავის გამოყოფის შემდეგ გაიჭედება სხეული, აუცილებელია საქონლის დახმარება და სხეულის გამოდევნა. ამისთვის თითო კიდურზე ან ჰოკზე (სახტომი სახსარი), მაგრდება თოკის მარყუჟები და ძროხის ჭინთვების დროს თოკს ექაჩება 1-2 ადამიანი.

დიდი ნაყოფის შემთხვევაში სასურველია კიდურების რიგრიგობით მოქაჩვა. ბიძგები არ უნდა იყოს ძალიან ძლიერი, ეცადეთ მოქაჩოთ ჯერ ერთ ფეხზე, შემდგომ მეორეზე.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ მშობიარობის პროცესში ნაადრევმა ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს სრული პროცესის დარღვევა.

ხშირ შემთხვევაში მშობიარობის დასრულების შემდეგ ჭიპლარი, რომელიც აკავშირებს ხბოს დედასთან თვითონ წყდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ჭიპლარი ვერ წყდება, ამ შემთხვევაში აუცილებელია მისი მოჭრა. ჭიპლარის მოჭრისთვის აუცილებელია მისი მონიშვნა მუცლის ღრუდან 8-10 სმ-ზე, რის შემდეგ ნაკვეთი აუცილებლად უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებით, მაგალითად იოდის ხსნარით. იმ შემთხვევაში, თუ ხბო დაიბადა სანაყოფე პარკში, აუცილებელია მისი გახლეჩა ან გაჭრა, სხვა შემთხვევაში ხბო დაიხრჩობა.

მშობიარობის მიღება აუცილებელია თბილ ზედაპირზე, მაგალითად ჩალის ქვეშსაგებზე. ქაღალდის სუფთა, ერთჯერადი ტილოთი ან ტამპონებით აუცილებელია ხბოს ნესტოების და პირის ღრუს დამუშავება, ზედმეტი სითხის მოშორების მიზნით. თუმცა საუკეთესო საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს ასალოკად მშობლის მიშვება.

 გართულებული მშობიარობის დროს ხშირია შემთხვევა, როდესაც ჩნდება სასუნთქი სისტემის დაცობა და დგება ასფიქსია, ანუ მოგუდვა. მოგუდვის გამოვლენა ხდება სხვადასხვა ლორწოვანი გარის და სხეულის ნაწილების სილურჯით, მაგალითად ცხვირი, პირის ღრუ, ქუთუთოები და სხვა. ნაკლებად მძიმე ვითარების დროს ხბო მძიმედ სუნთქავს და შესამჩნევია ხიხინი.

იმ შემთხვევაში, თუ არ შეიმჩნევა სუნთქვა და რეფლექსები, ხოლო ჭიპლარიდან გამოედინება დიდი რაოდენობით სისხლი, შეიძლება ითქვას რომ მიმდინარეობა საკმაოდ რთულია. ასეთი შედეგი ხშირად მთავრდება ლეტალობით. ვეტერინარის მოსვლამდე აუცილებელია პირველადი დახმარების გაწევა, რა დროსაც აუცილებელია ცხვირის და პირის ღრუს განთავისუფლება ზედმეტი სითხისგან. ამისთვის ხბო უნდა წამოვაყენოთ უკანა ფეხებზე, ან თავი დავახრევინოთ ისე, რომ სითხემ შეძლოს გამოსვლა. ერთ-ერთი გამოცდილი მეთოდია, როდესაც ახალშობილ ხბოს მცირე რაოდენობით ასხამენ ცივ წყალს, რეფლექსური პასუხის მისაღებად. ამ დროს აუცილებელია შენარჩუნებული იყოს პოზა, რა დროს უკანა კიდურები უნდა იყოს განთავსებული უნდა მაღლა ვიდრე წინა ფეხები.

ზამთარში, იმ დროს, როდესაც სადგომში ტემპერატურა ეცემა 10-15OC-მდე, აუცილებელია ახალშობილი ხბოს გათბობა, ამისთვის მთელ სხეულზე მას აფარებენ საბანს, ხოლო თავზე პირსახოცს, რათა მას არ გაეყინოს ყურები.

მომყოლი

ხბოს დაბადების შემდეგ, მომყოლი უნდა გამოვიდეს 6 საათის განმავლობაში. თუ ამ დროის განმავლობაში მომყოლი არ განთავისუფლდა, შეიძლება ჩაითვალოს რომ საქონელს აქვს მომყოლის შეჩერება. მომყოლის განთავისუფლებისთვის აუცილებელია ვეტერინარის ჩართულობა. მომყოლის შეჩერების პრევენციის მიზნით, ძროხას, მყისიერად მშობიარობის შემდეგ ასმევენ მშობიარობის შემდგომ გარსების სითხეს 2,5-3 ლიტრის რაოდენობით ან თბილ, ოდნავ მარილიან წყალს 5-8 ლიტრის რაოდენობით, ასევე დასაშვებია მცირე რაოდენობით თივის მიწოდებაც.

მშობიარობის შემდეგ აუცილებელია ძროხის გაწმენდა, განსაკუთრებით კუდის მიდამოში. ასევე სამშობიარო ადგილის დეზინფექცია და ახალი ქვეშსაგების დაფენა.

აუცილებელია ხბოს დაბადებიდან უახლოეს დროში მიეწოდოს რაც შეიძლება ბევრი ხსენი რადგან ზუსტად ის უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და სხვა ფუნქციების აქტივაციას, გარდა ამისა ზუსტად ხსენით ხდება დედისეული ანტისხეულების გადაცემა ხბოსთვის, რაც სამომავლოდ განაპირობებს ხბოს ჯანმრთელობას და იმუნურ სტატუსს. პირველი სამი დღის განმავლობაში, აუცილებელია ხბო იკვებებოდეს ხსენით.

სიცოცხლის მე-4/5 დღიდან ხბოს უკვე აძლევენ ადუღებულ და შემდეგ შეციებულ წყალს, ძალიან მნიშვნელოვანია ხბო მუდმივად იმყოფებოდეს ყურადღების ქვეშ, რათა არ მოხდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობები, მადის დაქვეითება, სასუნთქი გზების პრობლემები და სხვა.

ხბოს სწორი განვითარება განაპირობებს მის სამომავლო პროდუქტიულობას, შესაბამისად ორგანიზმის ჩამოყალიბება უნდა მოხდეს სწორად სიცოცხლის პირველივე დღიდან.