ენდომეტრიტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფართოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც ამცირებს ცხოველის რეპროდუქტიულ ფუნქციას და აუარესებს ზოგად მდგომარეობას.

მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტი – ინფექციური დაავადება, რომელიც აზიანებს საშვილოსნოს ლორწოვან გარსებს და ახასიათებს ჩირქოვანი, ჩირქოვან – კატარალური ლორწოვანი გამონადენი. ხშირ შემთხვევაში დაავადება ვითარდება მშობიარობის შემდეგ 3-21 დღის განმავლობაში. ეს დაავადება საკმაოდ ხშირია მთელი დედამიწის მასშტაბით და მისი გამოვლინება მშობიარობის შემდეგ აღწევს 10-70%-ს. ამ დაავადების ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ ზიანდება რეპროდუქტიული ფუნქციები – მცირდება განაყოფიერების მაჩვენებელი, ფერხდება ხბოს სწორი განვითარება საშვილოსნოში და ხანდახან შედეგი შეიძლება დასრულდეს უშვილობით. ასევე ენდომეტრიტის მწვავე ფორმა შეიძლება გადავიდეს ქრონიკულში, რომლის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, ხოლო მკურნალობა თითქმის შეუძლებელი.

კლინიკური ნიშნები

ენდომეტრიტის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია უჩვეულო გამონადენი სასქესო ორგანოდან. ამასობაში აუცილებელი დადგენილი იყოს, თუ საიდან ხდება ლორწოვანი სითხის გამოდევნა – საშოდან თუ საშვილოსნოს ყელიდან. სიმპტომები კი შემდეგნაირია:

  • გამოდევნილ ლორწოვან სითხეს გააჩნია ჩირქის მინარევები და მყრალი სუნი;
  • ბაქტერიული მიკროფლორის გამრავლების გამო ითრგუნება ზოგადი მდგომარეობა – სხეულის ტემპერატურის მომატება, საკვების უარყოფა, დასუსტება;
  • საქონელი იღებს დამახასიათებელ პოზას – თითქოს ცდილობს მოშარდვას, იჭინთება;
  • პათოლოგიის განვითარებასთან ერთად საშოდან გამონადენი იცვლის ფერს და ხდება ბლანტი-რუხი ფერის;
  • სასქესო ორგანოებზე შესამჩნევია რუხი ფერის ფუფხები;
  • ვაგინალური გამოკვლევისას კედლები მკვრივია და შეშუპებული;
  • მწვავე ფიბრინოზული ანთების დროს ლორწოვან გამონადენს გააჩნია ფიბრინის ჩანართები.

საშვილოსნოში ანთებითი პროცესები განაპირობებს ზოგადი ორგანიზმის დასუსტებას, რაც გამოიხატება პროდუქტიულობის დაქვეითებაში – წველის რაოდენობის მკვეთრი შემცირება; ზოგადი სისუსტე; საქონელი მოუსვენარია, მატულობს სხეულის ტემპერატურა და ის უარს ამბობს საკვებზე.

ძირითად შემთხვევაში ენდომეტრიტი ვითარდება მშობიარობის შემდეგ, თუმცა არსებობს იმის ალბათობა, რომ ის გაჩნდეს მშობიარობამდე, თუ პათოლოგიური მიკროფლორა შეიჭრება საშვილოსნოში სხვა გზებით, მაგალითად სხვა ინფექციური დაავადების შეჭრისას და ორგანიზმში გავრცელების დროს.

მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტის წინამორბედია გართულებული მშობიარობა, მომყოლის შეჩერება, მკვდარ შობადობა, მშობიარობა ტყუპებით, საკეისრო კვეთა, მშობიარობის დროს ჰიგიენის ნორმების უგულველყოფა, როგორც მშობიარობის წინ, ასევე მშობიარობის შემდეგ. ამ დროს მშობიარობის შემდგომ ისედაც დასუსტებული ძროხის იმუნური სტატუსი მკვეთრად კლებულობს და ვერ უმკლავდება საშვილოსნოში ბაქტერიების გამრავლებას.

მშობიარობის შემდგომ პერიოდში დამცველობითი მექანიზმი სუსტდება, ბაქტერიები ხვდებიან საშვილოსნოში და იწყებენ გამრავლებას. თვითონ ბაქტერიები ხვდებიან ლორწოვან გარსებზე და აზიანებენ მათ. ბაქტერიები ან მათი ტოქსინები აძლევენ იმუნურ სისტემას სიგნალს და ორგანიზმში ხდება სპეციფიკური ცილის წარმოება, ასევე ანთებით კერაში დიდი რაოდენობით ლეიკოციტების მობილიზაცია და პათოლოგიურ მიკროფლორასთან „ბრძოლის“ პროდუქტები გამოიყოფიან საშოდან ლორწოსთან ერთად.

დაავადების გამომწვევი ფაქტორები

დაავადების გამომწვევ მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს:

  • ვეტერინარის ხელების არასათანადო დეზინფექცია საქონლის მშობიარობისას;
  • დაბინძურებული ინვენტარი;
  • საშვილოსნოს დაზიანება მშობიარობისას – შეშუპება, ამოვარდნა, გაწელვა;
  • მომყოლის შეჩერება;
  • აბორტები – როგორც მექანიკური ფაქტორების ასევე ინფექციური დაავადებების გამო;
  • ანთებითი პროცესები საშოზე;
  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • ჰიგიენურ-სანიტარიული ნორმების დარღვევა.

პროფილაქტიკა და მკურნალობა

მნიშვნელოვანია ჩატარებული იყოს გეგმიური პროფილაქტიკური ღონისძიებები. ამ ღონისძიებებს ატარებენ ნაყოფის განვითარების დროს და მშობიარობის შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია ნაყოფის ტარების დროს სწორედ იყოს შერჩეული საკვები რაციონი, რაც განაპირობებს საქონლის ძლიერ იმუნიტეტს და ნაყოფის განვითარების სრულფასოვნებას.

როგორც წესი ფერმებში ტარდება ძროხების გეგმიური გამოკვლევა სხვადასხვა დაავადებების მიმართ. სრული სულადობის გამოკვლევას უნდა აწარმოებდეს ვეტერინარი – გინეკოლოგი მშობიარობის შემდეგ მე -7 და მე – 14 დღეს. საშვილოსნოს გეგმიური გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების პრევენციისთვის.

გარდა გეგმიური გამოკვლევისა აუცილებელია ფერმაში შენარჩუნებული იყოს სისუფთავე და დაცული იყოს ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, რადგან საშვილოსნოს ანთება შეიძლება გამოიწვიოს დაბინძურებული გარემოდან შეჭრილი პათოლოგიური მიკროფლორა.

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია კონსულტაციის მიღება ვეტერინართან, რადგან დადგენილი იყოს დაავადების გამომწვევი მიზეზი, მხოლოდ ამის შემდეგ დაშვებულია მკურნალობა.