გოჭების დედაღორისგან ასხლეტა საკმაოდ დიდი სტრესია, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს გოჭის ფიზიოლოგიურ მდგომარებასა და სოციალურ ყოფაზე. იმისთვის, რომ გოჭისთვის ასხლეტის სტრესი მაქსიმალურად შევამციროთ, რამდენიმე მიმართულებით სწორად და ეფექტურად უნდა ვიმუშაოთ.

როდის ავსხლიტოთ გოჭები დედაღორს?

უმჯობესია, ფერმერმა  გაითვალისწინოს გოჭების ასხლეტის მომენტში გოჭების (მთელი სულადობის) ცოცხალი წონა, რომელიც, სასურველია, შეადგენდეს 100 კგ-ს. მაგალითად, თუ დედაღორს ჰყავს 13 გოჭი, რომლებიც უკვე დაახლოებით 29 დღისანი არიან და ჯამში გოჭების წონა შეადგენს 100 კგ-ს ან მეტს, უკვე შეგვიძლია ავსხლიტოთ გოჭები (თითო გოჭის წონა დაახლოებით გამოდის 8 კგ)

როდის მივცეთ საკვებად გოჭებს პრესტარტერი?

25 დღიდან, საღორეში, სადაც დედაღორი გოჭებთან ერთად გვყავს, რეკომენდებულია, გოჭები ასხლეტამდე სამი დღით ადრე შევაჩვიოთ პრესტარტერის საკვებს. გოჭს შეეძლოს, 25-ე დღიდან 28-ე დღემდე სურვილისამებრ მიიღოს დედაღორის რძე და ასევე, როცა ენდომება, მცირე რაოდენობით ჭამოს გოჭის პრესტარტერიც. ხოლო 29-ე დღიდან შეგიძლიათ გოჭები ასხლიტოთ და დარჩენილი პრესტარტერით კვება გააგრძელოთ გოჭების შესანახ სივრცეში (ერთ გოჭზე რეკომენდებული პრესტარტერის მაქსიმუმი რაოდენობაა 5 კგ. ამ რაოდენობის ათვისების შემდეგ (დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში) ერთი გოჭი მოიმატებს 4.5 კგ ცოცხალი წონიდან 5 კგ ცოცხალ წონამდე.

რეკომენდებული არ არის გოჭების გამოკვება დედაღორის საკვებით. შესაძლოა, ეს გოჭების კუჭის აშლის (ფაღარათის) გამომწვევი მიზეზი გახდეს.