პროდუქტიულობის დაქვეითება და სხვა თერმული სტრესის ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს 22 oC ტემპერატურის დროს.

ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, მატულობს საქონელის სხეულის ტემპერატურაც, რომელსაც თან სდევს სუნთქვის გახშირება, გაძლიერებული ნერწყვდენა და წყლის მოხმარების მომატება. ეს ყველაფერი იწვევს საქონლის ძლიერ დისკომფორტს.

გარემო ტემპერატურის ზრდასთან ერთად მცირდება საქონლის მიერ მშრალი ნივთიერებების მიღება; მცირდება წველადობა, რძის ცხიმის რაოდენობა და რეპროდუქციული ფუნქციები.

გახშირებული სუნთქვა ეხმარება საქონელს სიცხის სტრესის გადატანაში, რადგან ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად ხდება სითბოს გაცემა ორგანიზმიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილფეხა რქოსან პირუტყვისთვის, რადგან ოფლის გამოყოფის ფუნქცია ორგანიზმში საკმაოდ შეზღუდულია. თუმცა გახშირებული სუნთქვის დროს ირღვევა მჟავა-ტუტოვანი ბალანსი და pH-ი სისხლის შემადგენლობაში, რაც განაპირობებს ალკალოზის გაჩენას. ასევე ზაფხულის რაციონში დიდი რაოდენობით მარცვლოვანი საკვები განაპირობებს ფაშვის აციდოზის გაჩენას. ხოლო აღნიშნული დაავადებები იწვევენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას, პროდუქტიულობის დაქვეითებას და სხვადასხვა გართულებებს.

თერმული სტრესის განსაზღვრა

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს შეუძლია შეინარჩუნოს სხეულის ტემპერატურის სტაბილური მაჩვენებელი – 38.5oC, რომლის ნორმალური გადახრა შეიძლება ჩაითვალოს +/- 0.5oC. აღსანიშნავია რომ, საქონლის ინტენსიური ნივთიერებათა ცვლა, საკვების გადამუშავების დროს და რძის სინთეზისას განაპირობებს ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფას. გარემო ტემპერატურის შემცირებისას, როდესაც საქონელს გასათბობად სჭირდება ენერგია, ის მოიხმარს მეტ საკვებს, ხოლო მისი პროდუქტიულობა პირიქით იზრდება.

გარემო ტემპერატურის მომატებისას კი პირიქით, საქონელი ცდილობს გასცეს რაც შეიძლება დიდი რაოდენობით სითბო ორგანიზმიდან. შედეგად ის ნაკლებს იკვებება სითბოს წარმოქმნის შესაჩერებლად და მისი პროდუქტიულობა მკვეთრად მცირდება. შესაბამისად სიცივის გადატანა უფრო მარტივია ძროხისთვის ვიდრე სიცხის.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის გარემო ტემპერატურის ოპტიმალური (კომფორტული) მაჩვენებელი მერყეობს 0 oC -დან +22 oC-მდე. ამ ზედა ზღვარის მიღწევის შემდეგ საქონელს ეწყება თერმული სტრესი, რომლის საქონლის ორგანიზმიდან ვერ ხერხდება საჭირო რაოდენობით სითბოს გაცემა გარემოში.

თერმული სტრესი ასევე დამოკიდებულია არამხოლოდ გარემო ტემპერატურაზე, არამედ გასათვალისწინებელია ტენიანობის მაჩვენებელიც, რაც უფრო მაღალია ტენიანობა, მით უფრო მკაფიოდ აღიქვამს საქონელი ჰაერის ტემპერატურას.

სიცხის სტრესის ნიშნები

  • სხეულის ტემპერატურა მატულობს 39,4 oC-მდე, ხოლო რექტარული ტემპერატურა მატულობს 43 oC-მდე;
  • იცვლება სუნთქვის სიხშირე – სუნთქვა ღრმა და გახშირებულია;
  • მატულობს წყლის მოხმარების რაოდენობა – 50%-ზე მეტი;
  • მცირდება მოტორული აქტივობა, საქონელი ცდილობს იყოს უმოძრაოდ, რადგან მოძრაობისას გამოიყოფა დიდი რაოდენობით ენერგია, რომელიც გარდაიქმნება სითბოში;
  • მკვეთრად მატულობს დრო, რომელსაც საქონელი ატარებს ფეხზე მდგომარე, ხშირ შემთხვევაში ორპირ ნიავში.
  • ფური უარყოფს საკვებს, მცირდება საკვებურთად მისვლის ჯერადობა;
  • მკვეთრად მატულობს ნერწყვდენა;
  • მეწველ ფურებში მცირდება ცხიმის შემცველობა რძეში 0.5%-მდე;
  • იცვლება კვების დრო; საქონელს ურჩევნია იკვებოს დილით ადრე ან საღამოს საათებში.
  • რძის პროდუქტიულობა მკვეთრად იცვლება სიცხის სტრესის მიღების შემდეგ უკვე მეორე დღეს;
  • სტრესის განვითარებასთან ერთად იცვლება სრული სურათი, საქონელი დათრგუნულია, ირღვევა ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა და ვითარდება შოკი. პულსი დასუსტებულია, ლორწოვანი გარსები ფერმკრთალია, იწყება ღებინება და დიარეა. ნერვული სისტემის დაზიანების გამო ვითარდება კრუნჩხვები. ძლიერი სიცხის სტრესის დროს შედეგი მეთავდება ლეტალურად.

 როგორ დავიცვათ საქონელი თერმული სტრესისგან

შეუქმენით პირუტყვს სათანადო პირობები:

  • სასურველია არ გადარეკოთ ცხოველი დღის ცხელ მონაკვეთში;
  • აუცილებლად დაამუშავეთ მწერების საწინააღმდეგოდ;
  • დაიცავით დასმის სიმჭიდროვე – ზაფხულის პერიოდში რეკომენდირებულია გუნდის სიმჭიდროვის შემცირება;
  • უზრუნველყავით ცხოველი საჩრდილობლებით, როგორც მეურნეობაში, ისე საძოვრებზე;
  • უზრუნველყავით კარგი ვენტილაცია;
  • აუცილებელია ცხოველს ჰქონდეს წვდომა სუფთა, გრილ წყალთან და გაითვალისწინეთ, რომ წყლის მოთხოვნა მომატებულია დაახლოებით 50%-ით;
  • სასურველი წყალთან ერთად საქონელს ეძლეოდეს C ვიტამინი, რაც დაეხმარება მას სიცხის სტრესის გადალახვაში.

სიცხის სტრესის დროს ცხოველი უარს ამბობს საკვებზე, რაც გამოიხატება პროდუქტიულობის დაქვეითებით, რძის წველადობის შემცირებით და სხვა. ამ გამოწვევის მოსაგვარებლად სასურველია საკვები რაციონის გადანაწილება გრილ პერიოდზე. იცვლება კვების დრო. საკვები ულუფის 80% უნდა ეძლეოდეს საქონელს ადრე დილას და გვიან საღამოს. 4:00 -დან 6:00 საათამდე და 21:00-დან 23:00- მდე.

დღის რაციონი შეიძლება განაწილდეს შემდეგნაირად. სრული ულუფის 40% ეძლევა საქონელს დილით, ხოლო დანარჩენი 60% გვიან საღამოს.