ოდითგანვე ფრინველის ყვითელი ფერი იყო ჯანმრთელობის მანიშნებელი. ოჯახის პირობებში ფრინველის კვების რაციონი ძირითადად შედგებოდა სიმინდისგან და ხორბლისგან, სწორედ ეს იყო ფრინველის გაყვითლების მიზეზი, რადგან სიმინდი, სტაფილო, მწვანე ბალახის ფქვილი შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტინოიდებს.

 რა არის კაროტინოიდები?

კაროტინოიდები – არის ბუნებრივი პიგმენტები, რომლებიც წარმოიქმნებიან ფოტოსინთეზის შედეგად. არსებობს წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი ფერის. კაროტინოიდები წარმოადგენენ პროვიტამინებს, A ვიტამინის წინამორბედებს, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია  β – კაროტინი.

 როგორც A ვიტამინი, ასევე  β – კაროტინი ძლიერი ანტიოქსიდანტია და მონაწილეობს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციაში.

 კაროტინოიდების ათვისება ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით, კერძოდ ნაწლავებში. ის სრულიად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის და პირიქით მონაწილეობს გემოვნური თვისებების გაუმჯობესებაში. შესაბამისად, თუ ფრინველი იკვებება სიმინდით და იღებს ყვითელ ფერს, მისი კუჭ-ნაწლავი არის ჯანმრთელი. დასკვნა – ადრეულ დროში ფრინველის ყვითელი ფერი იყო ჯანმრთელობის მაჩვენებელი, სწორედ აქედან წამოვიდა ყვითელი ფერის ქათმის ტენდენცია და დღესდღეობით რჩება, როგორც ფერმერების ასევე ქათმის ხორცის მომხმარებლის არჩევანიც. აღნიშნული პროცესი (ტანხორცის გაყვითლება) არის ბუნებრივი პროცესი და არა ქიმიური პრეპარატებით ხელოვნური გაყვითლება. კაროტინოიდების ნაწლავებიდან ხვდებიან ცხიმოვან ქსოვილებში და ლაგდებიან იქ, შესაბამისად ცხიმოვანი ქსოვილები იღებენ ყვითელ ფერს.

 რა აბრკოლებს ფრინველის ტანხორცის  ყვითელი ფერის ათვისებას?

  • პარაზიტული დაავადებები – კოქციდიოზი, ჰელმინთები;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება;
  • ბაქტერიული დაავადებები;
  • მოვლა-შენახვის ცუდი პირობები ;
  • ცუდი ხარისხის ან ვადაგასული (გაფუჭებული) საკვები;
  • სინესტე-სისველე ფერმაში;
  • სიცხით გამოწვეული სტრესი,
  • მაღალი ტემპერატურა საფრინველეში;

   სისველე ფერმაში ხელს უწყობს პარაზიტული დაავადებების გაჩენას, როგორიცაა კოქციდიოზი. აღნიშნული პარაზიტი აზიანებს ნაწლავების ლორწოვანს გარსს და არღვევს მის მთლიანობას, შესაბამისად ვერ ხდება კაროტინოიდების ათვისება.

ზემოთ აღნიშნული სხვადასხვა ფაქტორების გამო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება პირდაპირ მოქმედებს საკვებიდან პროვიტამინების ათვისებაზე, ფრინველში ჯანმრთელობის პრობლემების დროს რთულდება  A ვიტამინის, კაროტინოიდების და ანტიოქსიდანტების საკვებიდან შეთვისება, ამ დროს ცხიმში ხსნადი პროვიტამინები გადიან ტრანზიტად ქათმის ორგანიზმიდან რაც ერთის მხრივ უკარგავს ხარისხს ფრინველის ხორცს,  ხოლო მეორეს მხრივ ქათმის ტანხორცი არის უფერული (ყვითელი ფერის გარეშე).

მაღალი ტემპერატურა საფრინველეში იწვევს ცხიმში ხსნადი პროვიტამინების დაშლას და შესაბამისად ვერ ხდება მათი ათვისება.

პრევენცია და პროფილაქტიკა:

 აუცილებელია ფრინველი საპროფილაქტიკო კურსით დამუშავდეს შემდეგი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების წინააღმდეგ:

  • კოქციდიოზი
  • კოლიბაქტერიოზი
  • პულოროზი (სალმონელოზი)

ასევე დაიცავით ბიოუსაფრთხოების წესები და სანიტარია-სანაცია ფერმაში, არ მისცეთ პათოგენურ მიკროფლორას გამრავლების საშუალება, ამისთვის აუცილებელია:

  • სისუფთავე – ბიოუსაფრთხოების და სანაციის დაცვის მაღალი დონე
  • ტემპერატურული რეჟიმის დაცვა
  • რეგულარული დეზინფექცია – დერატიზაცია
  • დაბალანსებული, სუფთა და ახალი საკვების მიწოდება ფრინველისთვის
  • სუფთა წყლის უზრუნველყოფა

 ბიოუსაფრთხოების მაღალი დონე ხელს შეუშლის პათოგენური მიკროფლორის შემოჭრას საფრინველეში. ფრინველის გამოზრდას შორის ფერმაში უნდა იყოს დაცული სანაციის (ფერმის დასვენების) პერიოდი – მინიმუმ 2 კვირა.