ფრინველის ყვავილი წარმოადგენს საკმაოდ გავცელებულ ვირუსულ დაავადებას, იგი მიეკუთვნება Avipoxvirus-ს სახეობას და როგორც წესი თან სდევს კონიუქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება), ასევე სხვადასხვა სახის და ზომის გამონაყარი კანზე და ლორწოვან გარსებზე.

დაავადების გამოვლინების რამდენიმე სახეა:

კანის ფორმა – აღნიშნული ითვლება მარტივად მიმდინარე ფორმად და არ აზიანებს ფრინველების მთლიან სულადობას. იგი აზიანებს ფრინველის შეუბუმბლავ ადგილებს (საყურეები, ბიბილო, ნისკარტს და თვალების გარშემო არეალს),  წარმოიქმნება წამონაზარდები, რომლებიც მოგვაგონებს მეჭეჭებს. როგორც წესი, დაავადება მკურნალობის შედეგად ქრება 5-6 კვირის განმავლობაში. გარდა ამისა, კანის ფორმა ლოკალიზდება მხოლოდ თავის მიმდებარე ტერიტორიაზე. სიკვდილიანობა ამ დაავადების ფორმის დროს არ აღემატება სრული სულადობის 8%-ს.

ყვავილის დიფტერიული ფორმა – ხასიათდება, როგორც მძიმე მიმდინარეობა, რომლის დროსაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი 50%-ზე მაღალია.

სიმპტომები:

  • პირის ღრუს, მომნელებელი სისტემის, საყლაპავი მილის და ტრაქეის წყლულები;
  • მძიმე სუნთქვა, რომელსაც თან სდევს სტვენა;
  • ხველება, ცემინება;
  • ფრინველი მუდმივად წევს კისერს წინ;
  • მადის დაკარგვა;
  • რინიტი და ყვითელი გამონადენი ნისკარტში;
  • თვალების გარშემო ჩირქოვანი გამონაზარდი;
  • ქუთუთოს შეშუპება, სინათლის შიში;
  • დიდი რაოდენობით ცრემლის გამოყოფა.

არაკეთილსაიმედო პირობების დროს ფრინველის სიკვდილიანობა აღწევს 70%-ს. დიდ ზეგავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორებიც – ფრინველის ასაკი, კვების ხარისხი.

შერეული ფორმა – ამ მიმდინარეობის დროს ვლინდება, როგორც კანის ფორმის სიმპტომები, ასევე დიფტერიული მიმდინარეობის სიმპტომებიც. პათოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს არამხოლოდ თავის მიდამოში, არამედ ლორწოვან ქსოვილებშიც. სიკვდილიანობა ამ მიმდინარეობის დროს მერყეობს 30 დან 50%-მდე.

 ყვავილის აღმძვრელი შეიძლება მოხვდეს ფერმაში გარემოდან და ასევე საფრინველეში არსებული მიკროფლორიდან, რომელსაც ცუდად ან საერთოდ არ ჩაუტარდა დეზინფექცია. დაავადების ძირითადი აღმძვრელია დაავადებული და დაავადებამოხდილი ფრინველი. ყვავილის გავრცელება შეიძლება მოხდეს შემდეგი გზებით:

  • ჯანმრთელი და დაავადებული ფრინველების პირდაპირი კონტაქტით;
  • დაბინძურებული ინვენტარიდან;
  • გარეული ფრინველისგან და მღრღნელებისგან, რომლებიც ხშირად არიან დაავადების გადამტანები;
  • მწერების მეშვეობით (ტკიპა, კოღო);
  • აღმძვრელით დაბინძურებული სკორეთი, წყლიდან, საკვებიდან, ბუმბულიდან და ა.შ. ასევე შესაძლებელია დაავადების გადატანა მოვლა-შენახვის ნივთებიდან და მუშა პერსონალის ტანსაცმელიდან;
  • ყვავილის აღმძვრელი ასევე ხვდება ორგანიზმში ჭრილობებიდან.

პროფილაქტიკა და მკურნალობა

  • სწორად და დროულად ჩაატარეთ ვაქცინაცია, როგორც ახალგაზრდა ასევე ზრდასრული ფრინველის;
  • დაიცავით ბიოუსაფრთხოების მაღალი ზომები;
  • რეგულარულად ჩაატარეთ დეზინფექცია და დერატიზაცია საფრინველეში;
  • დაიცავით სისუფთავე საფრინველეში.

 უნდა აღვნიშნოთ, რომ დაავადებასთან ბრძოლა, სიმპტომების გამოვლინების შემდეგ ღირს მხოლოდ დაწყებით ეტაპზე. ამ დროს დაავადებული ფრინველის ხორცი არ მოიხმარება საკვებად, ხოლო კვერცხი არ გამოიყენება საინკუბაციოდ.

ფერმაში დაავადებული ფრინველის არსებობის შემთხვევაში, დაავადებული ფრინველი ექვემდებარება დაკვლას, ხოლო დარჩენილი ჯანმრთელი სულადობა ვაქცინაციას.

მწვავედ მიმდინარე დაავადების დროს, ფრინველის პათ-ანატომიური გაკვეთა გვიჩვენებს – სრულ გაუძლურებას და გამოფიტვას, ნაღვლის ბუშტის ზომაში გადიდებას, ფილტვების შეშუპებას, ყვითელი ნადები ღვიძლზე, ეპიკარდიტი და სეროზულ გარსებზე წერტილოვანი სისხლჩაქცევები.