ღორების სალმონელოზი, პარატიფი – ახასიათებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა, ფილტვების, ღვიძლის და სხვა ორგანოების დაზიანება.

სალმონელოზი ფართოდ არის გავრცელებული ცხოველებსა და ადამიანებში. ყველა სეროტიპიდან, რომლებიც აღემატებიან 2400-ს, ღორებისთვის მეტად საშიშია Salmonella Choleraesuis და Salmonella Typhimurium.

Salmonella Choleraesuis- სპეციფიური სეროტიპია, რომელიც ადაპტირებულია ღორებისთვის და იწვევს მძიმე კლინიკურ ნიშნებს როგორიცაა, სხეულის მაღალი ტემპერატურა, დათრგუნული მდგომარეობა, სეპტიცემია, პნევმონია, მენინგიტი, ართრიტები და ფაღარათი. სალმონელოზის ეს ტიპი არ არის საშიში ადამიანებისთვის.

Salmonella Typhimurium – ყველაზე ხშირად გვხვდება ღორებში. ძირითადად ეს ტიპი იწვევს ფაღარათს გოჭებში და მოწამვლას ადამიანებში.

დაავადების მიმდინარეობა დამოკიდებულია სალმონელას შტამზე და ბაქტერიული დაბინძურების რაოდენობაზე. დაავადება ვლინდება ნებისმიერ ასაკში, თუმცა ყველაზე ხშირია გოჭებში 8 კვირის ასაკიდან. სალმონელა ძირითადად ლოკალიზდება ნაწლავებში არსებულ ლიმფურ კვანძებში და დაკვლის შედეგად ხშირ შემთხვევაში აბინძურებს დაკლულ ხორცს და ხდის საშიშს ადმიანებისთვის.

დაავადების სიმპტომები

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1-დან 8 დღემდე და დაავადების მიმდინარეობა მწვავე ან ქრონიკული.

მწვავე მიმდინარეობის დროს სხეულის ტემპერატურა მატულობს. შეიმჩნევა ყურების სილურჯე და ღორი ძირითად დროს ატარებს მწოლიარე მდგომარეობაში.  მე-2/3 დღეს იწყება ფაღარათი : თხიერი, მყრალი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ლორწოს ან სისხლს. ქრონიკული მიმდინარეობის დროს აღსანიშნავია პნევმონია – სუნთქვა გახშირებულია, შესამჩნევია ცხვირიდან გამონადენი, მშრალი და იშვიათი ხველა, რომელიც დროის განმავლობაში იცვლება სველ, ხშირ და მტკივნეულ ხველებად. გოჭებს უვითარდებათ ფაღარათი, რომელიც პერიოდულად წყდება და ჩნდება თავიდან. შედეგად გოჭები იკლებენ წონაში. მკურნალობის გარეშე ლეტალური შედეგი არც ისე იშვიათია, ხოლო დაავადების გადატანის შემთხვევაში ღორებს უვითარდებათ იმუნიტეტი.

დედაღორები

  • სხეულის ტემპერატურის მომატება;
  • დათრგუნული მდგომარეობა;
  • მადის დაქვეითება;
  • ყურის, ცხვირის, კუდის სეპტიცემია (ლპობა);
  • პნევმონია;
  • ხველა;
  • ფაღარათი, მყრალი სუნით, ხანდახან სისხლის და ლორწოს მინარევებით;
  • დაავადების მწვავე მიმდინარეობის დროს შესაძლოა ლეტალური შედეგი.

გოჭები

პატარა გოჭებში დაავადა გვხვდება იშვიათად, პასიური იმუნიტეტის მოქმედების გამო. თუმცა პათოგენის ძლიერი მოქმედების შემთხვევაში დასნებოვნება შესაძლებელია სიცოცხლის პირველივე დღიდან. დაავადების მიმართ ამთვისებლობით გამოირჩევა ასხლეტილი და სარემონტო გოჭები, ხოლო კლინიკური ნიშნები დედა ღორების მსგავსია.

დაავადების გადაცემის გზები

  • ჰიგიენა-სანიტარიის ნორმების დარღვევა – სიბინძურე ფერმაში;
  • მექანიკური გადამტანი ფაქტორები – ქვეშსაგები, ინვენტარი, მომვლელის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ა.შ.;
  • დაბინძურებული საკვები და წყალი;
  • დაბინძურებული შენობა, რომელსაც არ უტარდება დეზინფექცია/სანაცია;
  • დაავადების აღმძვრელი დიდი რაოდენობით მოთავსებულია ფეკალში, რომლიც გადატანა ხდება მექანიკურად, ფეხის დაბიჯებით ან ინვენტარის გადაადგილებით;
  • მწერები, მღრღნელები, პარაზიტები, რომლებსაც აქვთ შეხება ფეკალურ ნარჩენებთან.

დაავადების კონტროლი და პროფილაქტიკა

  • ჰიგიენის ნორმების დაცვა, რომელიც ითვალისწინებს ხარისხიან დეზინფექცია და დალაგებას, რადგან კლინიკური ნიშნების გამოვლენა დამოკიდებულია პათოგენის კონცენტრაციაზე.
  • დაავადების პრევენციისთვის ყველაზე კარგად მუშაობს All in – All out სისტემა. და ფერმის დაცლის მომენტში აუცილებელია ფერმის სრული დეზინფექცია და ხარისხიანი დასუფთავება
  • ანტიბაქტერიული პრეპარატები ახდენენ დაავადების კონტროლს მხოლო ღორის ორგანიზმზე, თუმცა გარემო ფაქტორებიდან ხშირია დაავადების რეციდივი.