სხვადასხვა ჰელმინთოზები (ჭიები), გოჭებსა და ღორებში იწვევს დღიური წონამატის შემცირებას, ხორცის ხარისხის გაფუჭებას და ცხოველის სიკვდილსაც კი. შესაბამისად ჰელმინთოზები აყენებენ მეურნეობას ძალიან დიდ ეკონომიკურ ზარალს.

პარაზიტული დაავადებების აღმძვრელები (პარაზიტების ლარვა ან კვერცხი) ორგანიზმში ხვდება ალიმენტარული გზით (პირის ღრუდან, კვების დროს), ორგანიზმში მოხვედრისას პარაზიტი თავდაპირველად ნაწილდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, საიდანაც ხვდება სხვადასხვა სისტემებსა და ორგანოებში. იმის მიხედვით, თუ რა სახეობისაა პარაზიტი და სად ლოკალიზდება ის, განსხვავდება კლინიკური ნიშნებიც. ძირითადად პარაზიტები ახდენენ კომპლექსურ ზეგავლენას ორგანიზმზე, რაც მოიცავს:

  • მექანიკურ ზემოქმედებას – პარაზიტები ორგანიზმში გადაადგილებისას აზიანებენ შინაგან ორგანოებსა და ქსოვილებს, რაც იწვევს ანთებითი პროცესების დაწყებას. დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში, პარაზიტები აწვებიან შინაგან ორგანოებს, იწვევენ მათ მექანიკურ დაზიანებას სრულ ატროფიამდე.
  • ალერგიული ზემოქმედება – მეტაბოლური პროცესებით პარაზიტები გამოყოფენ სხვადასხვა სახის სეკრეტს და ექსკრეტს, რომლებსაც მასპინძლის ორგანიზმში იწვევენ სხვადასხვა სახის ალერგიულ თვისებებს.
  • ტროფიკული ზემოქმედება – პარაზიტები იკვებებიან მასპინძლის ორგანიზმში არსებული სისხლით და სხვა სითხეები, რაც მთავრდება ცხოველის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით და სიკვდილითაც კი.
  • ტოქსიკური ზემოქმედება – დიდი რაოდენობით ალერგენების დაგროვების დროს, მცირდება ერითროციტების და ჰემოგლობინის მაჩვენებელი სისხლში, რაც იწვევს ძლიერ ტოქსიკოზებს.

საერთო კლინიკური ნიშნები და დიაგნოსტიკის მეთოდები

პარაზიტების არსებობის დადგენა ღორების ორგანიზმში შესაძლებელია დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებით. ხოლო კონკრეტული პარაზიტის დიაგნოსტიკა შესაძლებელია ფეკალური მასების ლაბორატორიული გამოკვლევის დროს.

საერთო კლინიკური ნიშნები კი შემდეგია:

  • დღიური წონამატის შემცირება, წონის დაკარგვა;
  • მუცლის ძლიერი შებერილობა;
  • მადის დაქვეითება ან სრული არ არსებობა, საკვების უარყოფა;
  • კუჭის აშლილობა, ღებინება;
  • მოუსვენრობა, ქავილის გრძნობა, განსაკუთრებით უკანა კიდურებთან;
  • სუნთქვის გახშირება; ხველა; ხმის შეცვლა;
  • კრუნჩხვები, კუნთების ნერვული ნიშნები;
  • ფეკალურ მასებში ჭიების არსებობა, ხშირ შემთხვევაში ცოცხალი სახით.

პარაზიტებით ინვაზიის დროს კლინიკური ნიშნებიდან გამოირჩევა ფაღარათი, რომელსაც თან სდევს ხველა.

ყველაზე გავრცელებული ენდო პარაზიტების სახეობებია:

  • მსხვილი ჭიები (ნემატოდები) – ასკარიდები, მეტასტრონგილუსები, ტრიქინელები, ტრიქოცეფალუსები;
  • ბრწყელი ჭიები, მათ შორის ლენტის მაგვარი (ცესტოდები)
  • მწოველი ჭიები (ტრემატოდები).

პროფილაქტიკა და მკურნალობა

საერთო პროფილაქტიკური ღონისძიებებიდან აღსანიშნავია მოვლა-შენახვის ნორმების დაცვა და სრულფასოვანი, დაბალანსებული რაციონით ღორების კვება, რომლებიც შემადგენდლობაში ითვალისწინებენ საჭირო ვიტამინების და მინერალების არსებობას. შენობა უნდა იყოს მშრალი, სუფთა და კარგად ნიავდებოდეს. აუცილებელია ფერმის რეგულარული დასუფთავება და დეზინფექცია.

აუცილებელია რეგულარულად სრული გუნდის დამუშავება ჭიებზე – ერთხელ კვარტალში. გოჭების დამუშავება ჭიების საწინააღმდეგოდ უნდა იყოს დაწყებული 1-1.5 თვის ასაკში. ეს პროცედურა აუცილებელია ღორების სრული გუნდისთვის. პრეპარატების მრავალფეროვნება ფერმერს საშუალებას აძლევს გააკეთოს სასურველი, კომფორტული არჩევანი.

ანტიჰელმინთურ საშუალებებს, ძირითადად გააჩნიათ ფართო სპექტრის მოქმედება, თუმცა სწორი პრეპარატის შერჩევისთვის სასურველია ვეტერინარ-ექიმთან კონსულტაციის გავლა, რადგან მკურნალობა და პროფილაქტიკა დამოკიდებულია ღორის ასაკზე, კლინიკურ ნიშნებზე და სხვა.