ღორის აფრიკული ჭირი, ღორის აფრიკული ცხელება – მაღალკონტაგიოზური ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, კანის ციანოზი (გაუფერულება) და შინაგანი ორგანოების სისხლჩაქცევები (ჰემორაგიები). საერთაშორისო კლასიფიკაციით აღნიშნული დაავადება მიეკუთვნება გადამდები დაავადებების A კლასს (ყველაზე მაღალი). ვირუსი ძალიან გამძლეა გარემო ფაქტორების მიმართ, თვეების განმავლობაში ძლებს გარემოში და მკვდარი გარეული ღორის ტან-ხორცში. საბედნიეროდ ღორის აფრიკული ცხელება არ არის ადამიანისთვის საშიში.

დაავადების გავრცელების ძირითადი გზები:

  • მეურნეობაში დაავადებული ღორის მოხვედრით;
  • დაბინძურებულ საკვებთან და წყალთან ერთად;
  • გაუვნებლყოფილი საკვებ ნარჩენებთან ერთად;
  • დაავადებული ცხოველის ფეკალიით, ლორწოვანი სითხეებით, ნარჩენებით;
  • დაბინძურებული მოვლა-შენახვის ნიტებით, აღჭურვილობით, მოსამსახურე პერსონალით;
  • ტრანსპორტით;
  • გარეულ ღორებთან კონტაქტით და ა.შ.

დაავადების ძირითადი გადამტანია გარეული ღორები, ასევე Ornithodoros გვარის ტკიპები. ინკუბაციური პერიოდი დაავადების შეყრისგან – პირველ კლინიკურ ნიშნამდე წარმოადგენს 5-15 დღეს. ამ დაავადების მიმართ ამთვისებელია ნებისმიერი ასაკის მქონე ღორი, სამწუხაროდ ამ დაავადების წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს.

კლინიკური ნიშნები

დაავადების დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებია: მაღალი შეუჩერებელი ცხელება 3-7 დღის განმავლობაში, ზოგადი მდგომარეობის დათრგუნვა, სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევა (ჰემოდინამიკა) – ყურების, მუცლის, კუდის და სასქესო ორგანოების სიწითლე ან სილურჯე, ფაღარათი, ხანდახან სისხლთან ერთად, ნერწყვდენა, კონიუქტივითი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება), თვალებიდან გამონადენი, კანზე ჩნდება მუქი წითელი ლაქები, რომლებიც ხელით დაჭერით უფერულდება. ზრდასრულ ღორში სხეულის ტემპერატურა მატულობს 41-42°С-მდე. როგორც წესი დაავადება მთავრდება ლეტალურად სხეულის ტემპერატურის მატების 5—10 დღის შემდეგ.

პათ-ანატომიური ცვლილებები

დაავადების მიმდინარეობის მიხედვით შესამჩნევია ელენთის ზომის გადიდება 2-ჯერ, ფილტვების სეროზულ-ჰემორაგიული ანთება, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტის ლორწოვან გარსებში და სხვა ორგანოებში დიდი რაოდენობით სისხლჩაქცევები, სხეულის თითქმის ყველა ლიმფური კვანძი იზრდება ზომაში და შესამჩნევია სისხლჩაქცევები. დაავადების ატიპიური მსვლელობის დროს კლინიკური ნიშნები შეიძლება არ იყოს მკვეთრად გამოხატული.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • მოათავსეთ ღორები კარგად დაცულ ტერიტორიაზე, გასეირნების გარეშე;
  • რეგულარულად დაასუფთავეთ საღორე და ჩაატარეთ ხარისხიანი დეზინფექცია;
  • გამოიყენეთ უნიფორმა, გამოიცვალეთ ფეხსაცმელი ფერმაში შესვლამდე;
  • გამოიყენეთ კონკრეტულად ფერმისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა;
  • აკრძალეთ საკვებ ნარჩენების გამოყენება ფერმაში, ან კარგად დაამუშავეთ ის თერმულად, არანაკლებ ნახევარი საათი დუღილის შემდეგ;
  • აკრძალეთ უცხო პირთა შესვლა ფერმაში;
  • შეიძინეთ მხოლოდ ჯანმრთელი ღორი, რომელსაც თან ახლავს ვეტერინარული შემოწმების პასპორტი, შეიყვანეთ ახალი ღორი გუნდში მხოლოდ კარანტინის გასვლის შემდეგ;
  • მოახდინეთ დაკვლის შემდგომი ნარჩენების სწორი უტილიზაცია;
  • დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ სახელმწიფო ორგანოს შემდგომი პროტოკოლის შესასრულებლად;
  • გაანადგურეთ ბიოლოგიური ნარჩენები.

მეურნეობაში დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში ასრულებენ მთელი გუნდის უტილიზაციას. ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების გადამდები წყაროს ფაქტორის მოძიება და მისი განადგურება. დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურას.