ღორის აფრიკული ჭირი – მომაკვდინებელი დაავადებაა, რომლითაც ინფიცირდებიან შინაური და გარეული ღორები. ადამიანებისთვის ეს დაავადება არ წარმოადგენს საშიშროებას, თუმცა ის სერიოზულ გავლენას ახდენს ღორებზე და იწვევს დიდ ეკონომიკურ დანაკარგს მსოფლიოს მასშტაბით.

(Pestis africana suum) – შინაური და გარეული ღორების ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელიც გავრცელების წყაროს მიუხედავად აზიანებს სულადობის 100%-ს განუსაზღვრელად ასაკისა. დაავადება გამოირჩევა მაღალი ლეტალობით და მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა კატეგორიას, რომელიც ჩნდება წელიწადის ნებისმიერ დროს.

დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ, ქვემწვავედ და ქრონიკულად, ახასიათებს ცხელება, ჰემორაგიული დიარეა, ანთებითი და ნეკროზული ცვლილებები შინაგან ორგანოებში. ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 3-დან 15 დღემდე, ხოლო ლეტალობა აღწევს სულადობის 100%-ს.

სიმპტომები

  • გაძლიერებული ნერწყვდენა;
  • მაღალი ტემპერატურა;
  • კოორდინაციის დაკარგვა;
  • კონიუქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება);
  • თვალიდან გამონადენი;
  • ლორწოვანი გარსების სილურჯე;
  • კანზე ადგილები ციანოზურია;
  • კანზე მუქი წითელი ლაქები (თითის დაჭერით ლაქა უფერულდება);
  • სხეულზე ნეკროზული კერები;
  • პირღებინება-სისხლიანი;
  • დეფეკაცია-მტკივნეული, სისხლიანი.

მწვავე მიმდინარეობის დროს დამახასიათებელია: სხეულის ტემპერატურის მომატება 41-42°С-მდე 3-7 დღის განმავლობაში, დათრგუნვა, სისხლის მიმოქცევის აშლილობა – ციანოზი (სილურჯე) ან ჰიპერემია (გაწითლება) ყურის, მუცლის, სასქესო ორგანოების და კუდის მიდამოში.

 ღორის აფრიკულ ჭირს თან სდევს ფაღარათი, ხანდახან სისხლთან ერთად. სისხლიანი გამონადენი ცხვირიდან, კრუნჩხვები, მაკე ღორებში კი – აბორტი. როგორც წესი, ცხოველი დაავადებიდან კვდება 5-10 დღის განმავლობაში. გადარჩენილი ცხოველები არიან ვირუსმატარებლები მთელი ცხოვრების განმავლობაში.

დაავადების გადაცემა

 დაავადების ძირითადი გადამტანია დაავადებული, დაავადებამოხდილი და დაცემული ღორები, ასევე მათი შინაგანი ორგანოები, სისხლი, ქსოვილები, ექსკრეტი და სეკრეტი.

 დაავადების გადაცემა ხდება დაავადებული ცხოველიდან, დაბინძურებული საკვებიდან, ნედლეულიდან, დაავადებული ცხოველისგან მიღებული ნედლეულიდან, ტანსაცმელიდან, გარემოში არსებული ობიექტებიდან, რომელიც ითვალისწინებს ნადაგს, წყალს, შენობის ზედაპირი, სამუშაო აღჭურვილობა, გადასაადგილებელი ტრანსპორტი და ა.შ.

პათ-ანატომიური ცვლილებები

  • ანალური ხვრელიდან და ცხვირიდან სისხლიანი გამონადენი;
  • კანქვეშა ქსოვილი გაჟღენთილია სისხლით;
  • ლიმფური კვანძები გადიდებულია -განაჭერზე მორუხო ფერისაა;
  • ელენთა 2-4-ჯერ გადიდებულია – მუქი წითელი ფერის;
  • თირკმელი – მუქი წითელი ფერის, მრავლობითი სისხლჩაქცევები;
  • შარდის ბუშტი – დიდი რაოდენობით სისხლჩაქცევები;
  • პერიკარდიუმი – ჩალისფერი სითხე; კუჭში სისხლიანი ფეკალი.

კარანტინი

დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში ფერმა ხვდება კარანტინში, ხოლო ღორების მთელი სულადობა ნადგურდება. კარანტინი გრძელდება სულადობის დაცლიდან ერთი წლის განმავლობაში, თუმცა ამ პერიოდში შესაძლებელია სხვა ცხოველების არსებობა ფერმაში ფრინველის ჩათვლით.

ბრძოლის ღონისძიებები

ამ დროისთვის სპეციფიკური მკურნალობა და ვაქცინა არ არსებობს

პროფილაქტიკა

  • დაიცავით ბიოუსაფრთხოების მაღალი დონე
  • დაიცავით სისუფთავე ფერმაში
  • არ დაუშვათ მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურება ფეკალური მასებით
  • მოათავსეთ ახალმიღებული ცხოველი კარანტინში დაკვირვების ქვეშ
  • ჩაატარეთ ორგანიზმის მასტიმულირებელი ღონისძიებები (ვიტამინოთერაპია)