ყველა ფერმერი დაინტერესებულია იმაში, რომ მის ფერმაში არსებული სულადობა რაოდენობრივად ნელ-ნელა იზრდებოდეს და იყოს ჯანმრთელი. ამ მიზნამდე მისვლის ერთ-ერთი საშუალებაა ხელოვნური განაყოფიერება, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს კარგ ინვესტიციად.

ხელოვნურ განაყოფიერებას იყენებს უამრავი ფერმა მთელი დედამიწის მასშტაბით, როგორც პატარა მეურნეობებში, ასევე დიდ ფერმებშიც. მოდით განვიხილოთ რა არის ხელოვნური განაყოფიერების უპირატესობები ბუნებრივ განაყოფიერებასთან შედარებით.

უპირატესობები

  • სპერმის ერთ პორციაში მოქცეულია იმხელა მასალა, რომელიც განაყოფიერებისთვის ეყოფა ათობით საქონელს, რაც ვერ ხდება ბუნებრივი განაყოფიერების შემთხვევაში. ერთი პორციით შესაძლებელია მხოლოდ ერთი საქონლის განაყოფიერება.
  • კურო-მწარმოებელი შესაძლოა საერთოდ არ იყოს ფერმაში, ხოლო მისი გენეტიკური მასალა იმყოფებოდეს სხვა დასახლებულ პუნქტში, ან თუნდაც სხვა ქვეყანაში. თანამედროვე კონსერვაციის მეთოდები საშუალებას იძლევა სპერმის უსაფრთხოდ გადატანის გარანტს, რა დროსაც არ ხდება სპერმის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუარესება.
  • შესაძლოა საქონლის სრული გენოფონდის განახლება ძვირადღირებული მწარმოებლების ყიდვის გარეშე.
  • მშობიარობის სირთულე დამოკიდებულია ფურის ზომაზე და მის ჯიშზე. განაყოფიერებამდე აუცილებელია საქონლის კარგი გამოკვება და მისი მომზადება, რომ მან მიაღწიოს სხეულის საჭირო მასას. საქონლის გაბარიტებიდან და ჯიშიდან გამომდინარე შესაძლებელია სპერმის არჩევა სხვადასხვა კურო-მწარმოებლისგან. ეს ყველაფერი გვაძლევს მაკეობის დაგეგმვის და ხბოს წინასწარ შეფასების საშუალებას.
  • რაც ყველაზე მთავარია, ხელოვნური განაყოფიერების დროს ფერმერი უფრთხილდება საკუთარი საქონლის ჯანმრთელობას, აკეთებს გინეკოლოგიური დაავადებების პრევენციას, რადგან ხელოვნური განაყოფიერების დროს სპერმა მრავალჯერ შემოწმებულია ლაბორატორიაში სხვადასხვა ვირუსულ თუ ბაქტერიულ პათოგენებზე. ჩნდება ფერმის გეგმიური კონტროლის და მაკეობის სინქრონიზაციის შესაძლებლობა, რომელის დროს ხდება საქონლის ერთდროული დამაკება, შედეგად ხბოებს ვიღებთ ერთ პერიოდში.
  • გამორიცხულია სანაშენე კურო-მწარმოებლების შეძენის და მათი შენახვის ხარჯები.

ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ძალიან მომგებიანია, რადგან ხდება გენეტიკური მონაცემების გაუმჯობესება, შედეგად იზრდება პროდუქტიულობაც. თუ ეს არის მეწველი მიმართულების საქონელი, შედეგი იქნება რძის მაღალი პროდუქტიულობა და მაღალი მონაცემებით ლაქტაციის პერიოდის გახანგრძლივება. თუ ეს ხდება მეხორცეული მიმართულების საქონელში, შედეგად ვიღებთ სწრაფ წონამატს და მეტ კუნთოვან მასას. კურო-მწარმოებლის ჯიშის და გენეტიკური მონაცემების ცოდნა საშუალებას იძლევა სწორი სპერმის შერჩევის, რომელიც კარგად აისახება მომავალ შთამომავლობაზე. ბევრი კვლევით დადგენილია, რომ ხელოვნური განაყოფიერების დროს, ახალ შთამომავლობაში შეიმჩნევა გაცილებით მაღალი პროდუქტიული მაჩვენებლები ვიდრე მშობლებში.

ნებისმიერი ფერმერისთვის არის ცნობილი, რომ მეცხოველეობის/მეფრინველეობის ხარჯების დიდი წილი მიაქვს საკვებს. ხელოვნური განაყოფიერების დროს ფერმაში კურო-მწარმოებელი არ არის საჭირო, რაც ძლიან დიდ ფინანსურ შეღავათს აძლევს ფერმას, რომლიც აისახება ძვირადღირებული საკვების ეკონომიაში, ფერმას არ დასჭირდება განცალკევებული შენობა და საძოვრები კუროსთვის და სხვა.

ხელოვნური განაყოფიერება ღირს იმ ფერმებში, რომლებიც ფიქრობენ გენეტიკის გაუმჯობესებაზე და შემდეგ შთამომავლობაში საქონლის უკეთეს პროდუქტიულობაზე.