ჯერსის ჯიში, მცირე ზომის მეწველი მიმართულების საქონელია, რომლის სიმაღლე აღწევს 120 სანტიმეტრს. ჯერსი მიეკუთვნება ერთ-ერთ ყველაზე ძველ მერძეულ ჯიშს, რომლის გამოირჩევა რძეში მაღალი ცხიმის შემცველობით – 6% და მეტი. ჯერსის რძე ყვითელი ელფერისაა და მკვეთრად გამოხატული ცხიმის ბურთულებით.

ჯერსის ჯიშის საქონელმა მოიპოვა მსოფლიო აღიარება და დღესდღეობით მსოფლიოში რაოდენობრივად იკავებს 2-ე ადგილს, ჰოლშტეინის ჯიშის შემდეგ. ამავდროულად ამ ჯიშის საქონელის პოპულაცია სწრაფად იზრდება, იმის გამო რომ, სხვა მაღალპროდუქტიულ ჯიშებთან შედარებით მათ ესაჭიროებათ ნაკლები საბინადრო სივრცე და რაც მთავარია სხვა მაღალპროდუქტიულ ჯიშებთან შედარებით ჯერსები მოიხმარენ ნაკლებ საკვებს. ჰოლშტეინის ჯიშის საქონელთან შედარებით ჯერსის საკვებ კონვერსია დაახლოებით 30%-ით უკეთესია, ასევე სხვა ჯიშებთან შედარებით უკეთესია რძის ხარისხობრივი მაჩვენებლებიც.

Jesey dairy cows, NSW, Australia

ჯიშის გამოყვანის ისტორია

ჯერსის ჯიშის საქონელი გამოყვანილია ინგლისში, კუნძულ ჯერსიზე. ამ ჯიშის სელექცია მიმდინარეობა ნორმანდიული და ბრიტანული ადგილობრივი ჯიშების შეჯვარებით და ირჩეოდა მხოლოდ ის საქონელი, რომლის რძეში იყო მაღალი ცხიმის მაჩვენებელი. 1789 წელს გამოსცეს კანონი, რომლის მიხედვით აკრძალული იყო ჯერსის ჯიშის გენეტიკის ექსპორტი, რის შემდეგ ნარჩუნდებოდა სუფთა სისხლის ჯერსის ჯიში. ჯიშის გამრავლებისას ხშირად გამოიყენებოდა ინბრიდინგი, რის შედეგად გამყარდა ცხოველის დამახასიათებელი კონსტიტუცია.

1866 წელს შემოღებული იყო პირველი ჯერსის გენეტიკის მწარმოებელი წიგნი, რომელიც გამოქვეყნდა 1872 წელს. ამ დროისთვის ჯერსის ჯიშის საქონელი სარგებლობდა პოპულარობით, როგორც მაღალპროდუქტიული საქონელი და XIX საუკუნის დასაწყისში დაიწყო ამ ჯიშის გაყვანა ინგლისში, აშშ-ში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და აფრიკაში. ამ ჯიშის კურო მწარმოებლებს ხშირად აჯვარებდნენ ადგილობრივ ჯიშებთან, რძეში ცხიმის მაჩვენებლის მომატების მიზნით. ამ დროისთვის ჯერსის ჯიშის საქონელი გავრცელებულია მთელ დედამიწაზე.

ექსტერიერი

ჯერსის ჯიშის საქონელი ზომაში არც თუ ისე დიდია, მისი სიმაღლე აღწევს 120 სმ-ს. კურო მწარმოებლის წონა საშუალოდ არ აღემატება 700 კგ-ს, ხოლო მეწველი ფურების წონა დაახლოებით 360-400 კგ-ია. ამ ცხოველისთვის დამახასიათებელია მკვეთრად შეზნექილი შუბლი. ძირითად შემთხვევაში ჯიშისთვის დამახასიათებელია წითური, ღია რუხი შეფერილობა, მაგრამ ხანდახან გვხვდება მუქი შეფერილობის და თეთრი ლაქების მქონე ჯერსებიც. თეთრი ლაქები ხშირ შემთხვევაში გვხვდება კიდურების ადგილზე. ზოგადი მახასიათებლებიდან გამოირჩევა:

  • სახის ძვალი ოდნავ შეზნექილია;
  • ვიწრო შუბლი, პატარა თავი და მასიური წარბის ქედები;
  • ბრტყელი სხეულის ფორმა, ოდნავ დახრილი ნეკნებით;
  • ცურის მასიური ფორმები, ხშირ შემთხვევაში ცურს აქვს ფინჯნის მაგვარი ფორმა;

ფერმერების მიერ ჯერსი მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საქონელი.

პროდუქტიულობა

ჯერსის ჯიშის მეწველი ფურები გამოირჩევიან რძეში მაღალი ცხიმის შემცველობით – 6 დან 8%-მდე, რაც ამ საქონლის ჯიშის რძეს ხდის განუმეორებელს არაჟნის, ყველის, კარაქის წარმოებაში. საშუალო მონაწველი სრულ ლაქტაციაში დაახლოებით 5500-6500 ლიტრია, თუმცა ეს მონაცემები დამოკიდებულია მოვლა-შენახვის და კვების ფაქტორებზე. ფერმერულ მეურნეობებში რძის ცხიმის მაჩვენებელი აღწევს 7-8%-ს, რა დროსაც ცილების შემცველობა დაახლოებით 4%-ია. რეკორდად დაფიქსირებულია ამ ჯიშის რძის ცხიმიანობა – 8.89%, რა დროსაც რძის პროდუქტიულობა ლაქტაციისას იყო 14 000 ლიტრი.

რძისთვის დამახასიათებელია ყვითელი ელფერი და ის შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმის ბურთულებს, ამიტომაც ნაღები ტივტივდება ძალიან სწრაფად. თვითონ რძეს აქვს სასიამოვნო არომატი და ნაზი გემო. როგორც წესი, ჯერსის ჯიშის საქონლის რძე ღირს უფრო ძვირი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ჯიშის.

გამრავლების თავისებურება

ამ ჯიშისთვის დამახასიათებელია მაღალი რეპროდუქციული მაჩვენებლები. ჯერსის ჯიშის ფურები სწრაფად აღწევენ სქესობრივ სიმწიფეს, რა დროსაც პირველი მშობიარობა შესაძლებელია უკვე 2 წლის ასაკში. მშობიარობა ხშირ შემთხვევაში მიდის გართულებების გარეშე, ამიტომაც ადამიანის ჩართულობა ხშირად საერთოდ არ არის საჭირო. ხბო იბადება პატარა ზომის, საშუალოდ ხბოს სხეულის მასა არ აღემატება 22 კილოგრამს. ჯერსის ჯიშის საქონელს აქვს მშვენიერი, თანდაყოლილი დედის ინსტინქტი, ამიტომაც მშობიარობის შემდეგ ფური სწრაფად იწყებს ხბოს ლოკვას.