ჰოლშტეინი

დიდი ხნის განმავლობაში მიჩნეულია, რომ ჰოლშტეინის ჯიშის მეწველი ფური საუკეთესოა რძის წარმოების სექტორში. აღნიშნული ჯიშის მოყვანა საკმაოდ რთულია, რადგან ის განსაკუთრებით ფაქიზია. მაქსიმალური პოტენციალის მისაღწევად აუცილებელია ჰოლშტეინი უზრუნველყოფილი იყოს სწორი/დაბალანსებული რაციონით და იმყოფებოდეს მისთვის კომფორტულ გარემოში. სწორი პირობების და კვების შერჩევის შემთხვევაში ჰოლშტეინი პროდუქტიულობით აჭარბებს ყველა სხვა სარძევე მიმართულების ჯიშის პოტენციალს.

ჯიშის ისტორია

ისტორიულად ჰოლშტეინის სამშობლოდ მიიჩნევენ ნიდერლანდები, უფრო ზუსტად კი ჩრდილოეთ ჰოლანდია და ფრისლანდია; გერმანიის ჩრდილოეთ-დასავლური რეგიონები შლეზვიგ-ჰოლშტაინი. ამ რეგიონებში ფერმერები ასწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ ფურების გენეტიკის დახვეწას და ისეთი ჯიშის გამოყვანას, რომელიც გამორჩეული იქნებოდა წველის პროდუქტიულობით, ხოლო საკვებად დასჭირდებოდა ყველაზე ხელმისაწვდომი კვებითი რესურსი – ბალახი.

აღსანიშნავი ის არის, რომ წლების განმავლობაში ჯიში იხვეწებოდა გენეტიკური გადარჩევით და სელექციით, რა დროსაც არ ხდებოდა ჰოლშტეინის ჯიშის შეჯვარება სხვა ჯიშებთან. სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით შავ-თეთრი საქონელი ამ რეგიონებში გაჩნდა დაახლოებით 2 ათასი წლის წინ. აღნიშნული ჯიშის გადარჩევით და სელექციით ფერმერებმა უკვე XIII საუკუნეში მიაღწიეს შესანიშნავ შედეგებს. იმ დროინდელმა რძის წარმოების ბუმმა განაპირობა წარმოების მკვეთრი ზრდა, რაც გამოიხატა დიდი რაოდენობით რძის პროდუქტების წარმოებაში, როგორიცაა ყველი და კარაქი. ამიტომაც ითვლება ჰოლანდიური ყველები ერთ-ერთ საუკეთესოდ ევროპაში.

ამ ჯიშის მიმართ დიდი მოთხოვნა და ინტერესი გაჩნდა ამერიკაში, 1830 წლებში. ცალკეული ენთუზიასტების დამსახურებით ჰოლშტეინის ჯიშის საქონელი რაოდენობრივად ვრცელდებოდა ამერიკაში.

აღსანიშნავი ის არის, რომ ჰოლანდიაში სელექციონერები დიდ დროს უთმობდნენ არამხოლოდ რძის წარმოების თვისებებს, არამედ სახეობებსაც. ამ დროს ამერიკაში ფერმერები სელექციის მიხედვით მუშაობდნენ მხოლოდ რძის და ხორცის წარმოების მახასიათებლებზე. ზუსტად ამის გამო დროთა განმავლობაში ამერიკაში მობინადრე ჰოლშტეინებს  ჰქონდათ უკეთესი პროდუქტიული მაჩვენებლები, ვიდრე ამ ჯიშის ევროპულ ვარიანტს.

ჯიშის მახასიათებლები

მერძეულ მიმართულებაში ჰოლშტეინის ჯიში აღიარებულია, როგორც საუკეთესო პროდუქტიულობის მქონე საქონელი. ვიზუალურად ამ ჯიშს გააჩნია სპეციფიკური მახასიათებლები და გაწვრთნილი თვალი მარტივად შეძლებს ჰოლშტეინის განსხვავებას სხვა ჯიშებისგან.

პირველ რიგში ჯიშისთვის დამახასიათებელია შავ-თეთრი შეფერილობა. თუმცა, ფერების შეფარდება ინდივიდუალურია, ასე რომ შესაძლოა შეგხვდეს, თითქმის სრულად შავი ან თეთრი ინდივიდები. ძალიან იშვიათად ჩნდება წითელი-ჭრელი შეფერილობის ჰოლშტეინი, რაც წარმოადგენს რეცესიული გენის გამოვლენას. ძველ დროში ასეთი შეფერილობის ჰოლშტეინებს იწუნებდნენ, თუმცა ახლა პირიქით – წითელ-ჭრელი შეფერილობის ჰოლშტეინებს ინახავენ ახალი ფერის გენეტიკის შესაქმნელად.

გარდა ამისა აღსანიშნავია – ჰოლშტეინებს, მაღალი რძის წველის მაჩვენებლების გარდა ახასიათებს სხეულის დიდი მოცულობაც. მათი წონა ზრდასრულ ინდივიდებში აღწევს 600-700 კილოგრამს, ხოლო კურო მწარმოებლის წონა აღწევს 900 კილოგრამს. ეს არის საშუალო მაჩვენებლები, თუმცა არსებობენ ინდივიდებიც, რომელთა სხეულის მასა აღწევს 1.2 ტონას.

პროდუქტიული მაჩვენებლები

ჰოლშტეინის ჯიშის საქონელს უჭირავს პირველი ადგილი მსოფლიოში რძის წველის საშუალო მაჩვენებლებით. თუმცა კონკრეტული წველის ციფრები დამოკიდებულია ცხოველის ადგილმდებარეობაზე, მოვლა-შენახვის პირობებზე და კვების რაციონის შერჩევაზე.

აბსოლუტური რეკორდი ეკუთვნის ჰოლშტეინის ჯიშის საქონელს, სახელად ჯულიანა, რომელმაც 2004 წელს, სრულ ლაქტაციაში მოიწველა 30805 კგ რძე. რაც შეეხება წლიურ საშუალო მონაწველს, ის ასევე ლიდერობს სხვა ჯიშების მაჩვენებლებთან. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამ მონაცემებში ლიდერი ისრაელია და არა ამერიკა ან ევროპა. ისრაელში ფერმერებმა შექმნეს ისეთი საბინადრო პირობები, რომლის დროს ჰოლშტეინის წლიური საშუალო მონაწველი უტოლდება 10 000 კგ რძეს, 3-3.1% ცხიმის მაჩვენებლებით.

რძის ხარისხობრივი მაჩვენებლები მკვეთრად განსხვავებულია რეგიონების მიხედვით. მაგალითად ისრაელში რძის ცხიმიანობა აღწევს 3.8%-ს. ასევე განსხვავებულია წლიური მონაწველიც. საინტერესო ფაქტია, რომ ჭრელი ფერის ჰოლშტეინი იწველება 4 ათას ლიტრ რძეს და არა 8-10-ს, თუმცა რძის ცხიმის მაჩვენებელი აღწევს 4%-ს.

მიუხედავად ხორცის გამოსავლიანობის საშუალო მახასიათებლებს 50-55%, ცოცხალი წონიდან გამომდინარე, მიღებული ხორცის რაოდენობა არც თუ ისე დაბალია.

შენახვის თავისებურებები

აღსანიშნავია, რომ მაღალი პროდუქტიულობა შესაძლებელია მხოლოდ ინტენსიურ მოვლა-შენახვის პირობებში, რაც გულისხმობს დაბალანსებულ კვებასაც სრული წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება დაცული კვების რეჟიმი, ჰოლშტეინის ჯიშის ფურები იძლევიან რძის იმავე რაოდენობას, რაც სხვა ჯიშის სტანდარტული საქონელი.

ჰოლშტეინის ჯიშის ფურებისთვის აუცილებელია თბილი და სუფთა სამყოფელი ფერმა. დაუშვებელია ორპირი ქარი და სუფთა ჰაერის დეფიციტი. ყოველი ინდივიდი მგრძნობიარეა ნებისმიერი სტრესის ან გარემო ფაქტორების მიმართ, ხოლო ცვლილებები მკვეთრად გამოიხატება მათ პროდუქტიულობაში. 

მაქსიმალური პროდუქტიულობის მისაღებად მიზანშეწონილია თავისუფალი-გაშვებული სტილის ბოქსების არსებობა. კვების რაციონი აუცილებლად უნდა იყოს სრულფასოვანი,  ცილის მაღალი შემცველობით. საკვები აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანი, ხოლო სასმელი წყალი ოთახის ტემპერატურის.  მაღალი პროდუქტიულობის მისაღწევად აუცილებელია ფერმაში ვეტერინარული კონტროლი, რა დროსაც ძირითადი ყურადღება უნდა მიენიჭოს მასტიტების პრევენციას და პროფილაქტიკას, რადგან ეს ჯიში მიდრეკილია ამ დაავადებისკენ.

ჯიშის დადებითი და უარყოფითი მხარე

ჰოლშტეინის ჯიშის საქონელი ოპტიმალურად შეიძლება ჩაითვალოს დიდ მერძეულ კომპლექსებისთვის, რომლებზეც შესაძლებელია საჭირო მოვლა-შენახვის და კვების პირობების შექმნა. საერთო ჯამში დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს:

  1. რეკორდული რძის პროდუქტიულობა, რომელსაც ვერ შეედრება სხვა ნებისმიერი ჯიშის საქონელი. ამასობაში რძის ხარისხობრივი მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია.
  2. სხეული მასა – ამ ჯიშისთვის ასევე დამახასიათებელია სხეული დიდი მასა. ლაქტაციების გარკვეული რაოდენობის  დასრულების შემდეგ შესაძლებელია საკმაოდ დიდი რაოდენობით ხორცის მიღება.
  3. ამ ჯიშის საქონელი სწრაფად აღწევს სქესობრივ სიმწიფეს და დაახლოებით 12 თვის ასაკში მზად არის პირველი განაყოფიერებისთვის.

უარყოფითი მხარეები ძირითადად შეეხება მცირე ზომის წარმოებებს, რადგან ამ ჯიშის ფურები მოითხოვენ კონკრეტულ პირობებს. ძირითად უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს:

  1. სისუფთავის მიმართ კრიტიკულობა – ამ ჯიშის ფურისთვის დაუშვებელია ცუდი პირობები. აუცილებელია ფერმის ხშირი და ხარისხიანი დასუფთავება; ქვეშსაგების რეგულარული შეცვლა; თვითონ საქონელი უნდა იყოს სუფთა, რისთვისაც აუცილებელია მათი დაბანა და წმენდა, სხვა შემთხვევაში დაბინძურებული გარემო აუცილებლად შეამცირებს მათ პროდუქტიულობას.
  2. ინფექციური დაავადებების მიმართ მაღალი მგრძნობელობა – იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება დაცული მოვლა-შენახვის პირობები, საქონელი მოთავსდება რეგულარულ სტრესში, შედეგად  დაავადების გაჩენის ალბათობა მკვეთრად მატულობს.
  3. ჰოლშტეინი მოიხმარს ძალიან დიდი რაოდენობით მაღალხარისხიან საკვებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვების რეჟიმის დაცვა ზამთრის პერიოდში.
  4. სუსტი გამძლეობა სტრესის მიმართ. ნებისმიერი ვეტერინარული ღონისძიება, ხმაური ან კლიმატის ცვალებადობა იწვევს ძლიერ ნერვიულობას, რაც გამოიხატება პროდუქტიულობის დაქვეითებაში.