• სასუქი მწყერი რომ ეფექტიანად გამოზარდოთ, სასურველია, დედალი და მამალი მწყერი ცალ-ცალკე გყავდეთ. ეს გააუმჯობესებს მწყრის დღიურ და ჯამურ წონამატს, მოხმარებული საკვების ეფექტურობას (კონვერსია), გაზრდის შენარჩუნების მაჩვენებელს, შეამცირებს სასუქ პერიოდს. სასუქ გუნდში სქესზე გარჩევა და დაჯგუფება ხდება 2.5-3 კვირის ასაკში, მოზარდის ბრუდერიდან (საწიწილე)  სასუქი ფრინველისთვის განკუთვნილ გალიებში გადაყვანის პერიოდში.
  • მნიშვნელოვანია, მწყრის სუქების დროს სამწყერეში იყოს ოპტიმალური ტემპერატურა, რადგან ის განსაზღვრავს დღის განმავლობაში მწყრის მიერ სტანდარტულ საკვებ მოხმარებას და მის მაქსიმალურად ეფექტურ შეთვისებას. სუქების პერიოდში აუცილებელია, სამწყერეში ტემპერატურა იყოს 20-22 0 C გრადუსი/ ტენიანობა კი 65-70%.
  • მწყერი გამოირჩევა დაჩქარებული ნივთიერებათა ცვლით (მეტაბოლიზმი) და სწრაფი ზრდა-განვითარებით. ზრდის მაღალი ტემპი მოითხოვს დიდი რაოდენობით ჟანგბადის მოხმარებას, ამიტომ აუცილებელია, სასუქი მწყრის საფრინველე მომარაგებული იყოს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით (გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია:  ფრინველის 1 კილოგრამ ცოცხალ წონაზე წელიწადის ცხელ პერიოდში 5 მ3 /საათში, ხოლო წელიწადის ცივ პერიოდში 1,5 მ3/სთ). აღნიშნული ვენტილაცია ხელს შეუწყობს საფრინველიდან ზედმეტი ტემპერატურის, ტენიანობისა და მწყრის სკორიდან (სკინტლი) უხვი რაოდენობით წარმოქმნილი მავნე აირის (ამიაკის) მოშორებას.
  • სასუქ მწყერს დღის მანძილზე ნებაზე უნდა ეძლეოდეს საკვები (ორჯერადი დაყრით) და წყალი. მოშინაურებული მწყერი ახლოს დგას გარეულ ფრინველებთან და დიდი მოთხოვნა აქვს ცხოველურ ცილაზე (პროტეინი); ეფექტური ზრდისთვის, სასურველია, სასუქი მწყრის საკვების რაციონში შერეული იყოს ცხოველური ცილის წყარო (ძვალ-ხორცის, სისხლის, ჭიაყელას ფქვილი);

ქვევით იხილეთ მწყრის სქესზე გარჩევის რამდენიმე რეკომენდაცია:

ბუმბულის მიხედვით

  • ბუმბულის მიხედვით შეგვიძლია დავიწყოთ სქესზე გარჩევა 2,5-3 კვირის ასაკში.
  • მამალს მკერდზე ბუმბულის მოყავისფრო შეფერილობა აქვს.
  • დედალს აქვს შავი ლაქებით დაწინწკლული ბაცი ფერის მკერდი.

ეს ვრცელდება მწყრის ჯიშებზე: ფარაონი და იაპონური.

მანჯურიულ მწყერში:                              

  • მამლებს აქვთ სახის ყავისფერი შეფერილობა ან ზოლები, ხოლო
  • დედლებს  შავი ხაზები სახეზე


სქესის გარჩევა კლოაკით: შესაძლებელია მომწიფების პერიოდში (5-6 კვირის ასაკი). მამლებს კლოაკის ქვეშ აქვთ ჯირკვალი, რომელზე თითის ფრთხილი დაჭერითაც კლოაკიდან თეთრი ქაფი გამოდის. დედლებს ასეთი ჯირკვალი არ აქვთ. მათ ძირითადად უფრო დიდი, გამოკვეთილი და განიერი კლოაკა აქვთ.

მამალი: მცირე კლოაკა დიდი ჯირკვლით; მასზე დაწოლით წარმოიქმნება ქაფი.

დედალი: დიდი კლოაკა ჯირკვლის გარეშე, ქაფის გარეშე, შესაძლოა მცირე ლორწოვანი გამონადენი.