ბოცვრის გამოსაკვებად შეგვიძლია გამოვიყენოთ:

  • მცენარეულობა: სხვადასხვა ბალახეული – (იონჯა, ესპარცეტი, სამყურა, მრავალძარღვა), ხილი, ზოგიერთი ხისა და მცენარის ფოთლები, ბოსტნეული და ბაღჩეული: სტაფილო და  კომბოსტო (ბოცვერს კომბოსტო ეძლევა ზრდასრულ ასაკში). გასათვალისწინებელია, რომ მცენარეულობა არ იყოს სველი და ნამიანი; ასეთ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ მის შეშრობას და ისე მივცეთ ბოცვერს. მწვანე მასა ბაჭიებს შეგვიძლია შევთავაზოთ 2 კვირის ასაკიდან, რა დროსაც ისინი იწყებენ ბუდიდან გადმოსვლას.
  • მარცვლეული კულტურებიდან –  ბოცვრის კვებაში მისაღებია ქერის მარცვლის გამოყენება. პირველადი სახით არ გამოიყენება ისეთი სახეობები, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით ნახშირწყლებსა და ცხიმს (სიმინდი, ხორბალი, შროტეული, კოპტონი /მისაღებია მათი გრანულირებული  სახით  საკვების რაციონში ჩართვა), არ შეიძლება ბოცვრის პურით ან ფუნთუშეულით გამოკვება.
  • რაც შეეხება თივას, მისი  მიცემა სასურველია დანამატის სახით სხვა საკვებთან ერთად. მცენარეულობის მსგავსად, დიდი რაოდენობით უჯრედისის შემცველობის წყალობით თივა ხელს უწყობს საკვების ეფექტურ მონელებას (ამცირებს ფაღარათის რისკს)/ თავიდან გვარიდებს ბოცვრის სიკვდილს (ალოკილი ბეწვისგან წარმოქმნილი გორგლის საყლაპავში დაჭედვის და ცხოველის გაგუდვის პრევენცია), თივა განსაკუთრებით ეხმარება ბაჭიებს (ასხლეტის პერიოდიდან) საკვების მომნელებელი სისტემის ჯეროვან ჩამოყალიბებაში. თივა კარგი საშუალებაა ბოცვრის გართობისთვის დღის განმავლობაში, თივის მოხმარებისას ბოცვერი ნაკლებად გამოხატავს აგრესიას და ნაკლებად განიცდის გალიაში ყოფნის სტრესს. გასათვალისწინებელია, რომ თივა ანელებს ზრდის ინტენსიურ ტემპს და ბოცვერი მეტ წყალს მოიხმარს (თივის შემცვლელად არ გამოიყენება ნამჯა).
  • გრანულირებული კომბინირებული საკვები – სრულფასოვანი და ერთგვაროვანია. ის უნდა შეიცავდეს  ბოცვრის ზრდა-განვითარებითვის ყველა საჭირო კომპონენტს (პროტეინი, ვიტამინები, მიკრო- და მაკროელემენტები და სხვა). გრანულირებული საკვების გამოყენება ამცირებს ფერმერის შრომით დანახარჯებს და, გრანულირებული ფორმის წყალობით, მინიმუმამდე ამცირებს დანაკარგს. დადებითია ისიც, რომ გრანულაციის დროს ხდება  ნედლეულის თერმულად დამუშავება, რაც თავიდან გვაცილებს მზა საკვების მიკრობულ დაბინძურებას. გრანულა არ უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით მტვერს, რათა კვების დროს ბოცვერმა ის არ შეისუნთქოს და სასუნთქი სისტემა არ გაუღიზიანდეს.

საკვების მიწოდება:

  • ბოცვერს აქვს ერთნაწილიანი კუჭი. აუცილებელია, ხშირად იკვებოს. თავისუფლად კვებისას ბოცვერი საკვებთან მიდის დღეში საშუალოდ >30-ჯერ;
  •  ბოცვერი ადვილად ეჩვევა კვების დადგენილ რეჟიმს, ხოლო მისი დარღვევისას განიცდის დისკომფორტს;
  • აუცილებელია საკვების ფაზა ან რაციონი შეიცვალოს ეტაპობრივად (საფეხურებრივად) ახალ საკვებთან უმტკივნეულო შეგუებისთვის.
  • უხეში საკვების (თივა, მცენარეულობა, მარცვლეული, მზა საკვები) მიღებას ბაჭია იწყებს 16-18 დღის ასაკიდან, ხოლო მთლიანად აღნიშნულ საკვებზე გადადის 25 დღიდან. ამ პერიოდში  უნდა მოხდეს კვების ჩვევაზე დაკვირვება და მოხმარებული საკვების აღრიცხვა (ბაჭიის განვითარების შესაფასებლად);
  • რეკომენდებულია, ბოცვრების გამოსაზრდელ სივრცეში რამდენიმე საკვებური განთავსდეს, რათა თავიდან ავიცილოთ კონკურენცია (აგრესია და დაზიანებები) ბოცვრებს შორის;
  • საკვებ დანამატის სახით სასურველია, ბოცვერს საცხოვრებელში მუდმივად ჰქონდეს სალოკი მარილი (ნებაზე).

წყლის მიწოდება:

  • წყალი ბოცვრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი დღის მანძილზე ბოცვრის მიერ მოხმარებული წყლის რაოდენობა ორჯერ მეტია მოხმარებული საკვების რაოდენობაზე  (საკვები 1:2 წყალი);
  • წყლის მოხმარება კიდევ უფრო მატულობს: გამოსაზრდელ გარემოში მაღალი ტენიანობისა და ტემპერატურის პირობებში და ბაჭიების რძით კვების დროს (ლაქტაციისას). ასევე ფაღარათის და თივით კვების შემთხვევაშიც;
  • წყლის შეზღუდვის დროს ბოცვერი ამცირებს საკვების მოხმარებას;
  • წყალი უნდა იყოს სუფთა, არ უნდა შეიცავდეს ქლორს (არ არის საჭირო(თუ რეკომენდებული???) ადუღებული წყლის მიწოდება);
  • რეკომენდებულია, ბოცვრების გამოსაზრდელ სივრცეში რამდენიმე სარწყულებელი განთავსდეს, რათა თავიდან ავიცილოთ კონკურენცია (აგრესია და დაზიანებები) ბოცვრებს შორის.

საკვების და წყლის  სანიტარია:                                                                                                                                    

  • აუცილებელია, ბოცვრის გამოსაკვებად გამოყენებული საკვები სუფთა იყოს. დაბინძურების შემთხვევაში უნდა გამშრალდეს მცენარეულობა და ბოსტნეული. თივა და მარცვლეული უნდა იყოს ობის, ეკლების, მტვრისა და ორგანული ნარჩენებისგან (თაგვის ცურცლი, ჩიტის სკინტლი, ბუმბული) სუფთა, არ იყოს დასველებული;
  • საკვებური და სარწყულებელი საბოცვრეში ისე უნდა  განთავსდეს  (ჩამოიკიდოს) რომ მას ბოცვერი ნაკელით და შარდით ვერ აბინძურებდეს; საკვებურში არ ჩადიოდეს წვიმის წყალი ან იატაკზე დაცემული შხეფები. პერიოდულად აუცილებელია სარწყულებლისა და საკვებურის დასუფთავება და გარეცხვა.
  • წყალი არ უნდა იყოს დაბინძურებული ნაკელით; აუცილებელია, სასმელი წყალი ყოველდღიურად გამოცვალოთ.  ღია ტიპის სარწყულებლის გამოყენება წყლის დაბინძურების რისკს ზრდის (რეკომენდებულია ბოცვრების დარწყულება ნიპელური სარწყულებლით);
  • აუცილებელია საკვებურის ყოველდღიური ამოსუფთავება – იქიდან ნარჩენებისა და დაწუნებული საკვების მოშორება.
  • ბოცვერს თივა ან მცენარეულობა უნდა ჩემოუკიდოთ ან ჩაუფინოთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, რათა არ დააბინძურონ ფეხებით, ნაკელით და შარდით.

კბილების (საღეჭი სისტემის) ჯანმრთელობის კონტროლი:

  • ბოცვერს მთელი ცხოვრების განმავლობაში ეზრდება კბილები (საშუალოდ კვირაში 3მმ-ით), რომლებიც საჭიროებენ ბუნებრივ მოცვეთას. ბაჭიებს მე-18 დღიდან ეწყებათ კბილების ცვლა, ძირითადი სარძევე კბილები ეცვლებათ მე-20-28-ე დღეს. ამ ასაკიდან, კბილების მოსაცვეთად, ბოცვერს საცხოვრებელში აუცილებელია ჰქონდეს სპეციალური საღრღნელი  მასალა: ფიცარი ან მაგარი ტოტები (კომშის, ტირიფის). (რაციონში მცენარეულობის და თივის გამოყენება ეხმარება კბილების ცვეთას). ბაჭიებში კბილების ჯანმრთელ ზრდას ხელს უწყობს მზეზე გამშრალი იონჯის თივის მიცემა (D ვიტამინის და კალციუმის მაღალი დონე). პრობლემის შემთხვევაში ბოცვრის კბილების ჯანმრთელობის შესაფასებლად მიმართეთ ვეტერინარს.

დედა ბოცვრის მიერ ბაჭიების შეჭმის (კანიბალიზმი) და დაზიანების მიზეზები და მათი აღმოფხვრა:

ზოგ შემთხვევაში დედა ბოცვერი ბაჭიებს ხოცავს, აჭამს ყურებს და თათებს, ან სრულად ჭამს ნაშიერს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, კერძოდ:

  • დედის არასრულფასოვანი კვება (მოთხოვნილება ცილაზე და სხვადასხვა საკვებ ნივთიერებაზე) ან უწყლობა (წყალი დედა ბოცვერს უნდა მიეწოდოს მუდმივად, ნებაზე);
  • ერთ-ერთი მიზეზია მეძუძური დედის რძის ნაკლებობა ან არქონა (აუცილებელია, მაკე და დედა ბოცვერი  მაკეობაში და ლაქტაციისას ვკვებოთ სრულფასოვანი და საჭირო რაოდენობის საკვებით);
  • შენახვის პირობების დარღვევა, კერძოდ: 3 წელზე დიდ დედებში სიმჭიდროვე, სტრესი და მისთ., რასაც თან ახლავს შობადობის შემცირება, დამაკების გართულება და აგრესიულობა( უნდა დავიცვათ გამოზრდის ნორმები და გამოვიწუნოთ ავი ზნის დედები);
  • ნაადრევი შეჯვარება – ზრდადაუსრულებელი დედლის ან მამლის (<5 თვეზე ნაკლები ასაკის) შეჯვარებას თან ახლავს დედა ბოცვრის წონაში კლება, ნაყოფის განუვითარებლობა, ნაყოფის სიმცირე (საჭიროა შეწყვილების დაყოვნება/დედალი უნდა იყოს მინიმუმ 2 კგ ცოცხალი წონის, ხოლო მამალი – 6 თვის);
  • ნაყოფის დაზიანება დედის მიერ: ეს ძირითადად  ემართებათ ახალბედა დედებს, რომელთაც პირველად დაყარეს ბაჭიები; ისინი ბაჭიების ალოკვას ცდილობენ, მაგრამ ბასრი კბილებით უნებურად აზიანებენ ახალშობილის ყურებს, თათებსა და მუცელს – ჭიპლარის გადაჭრის დროს. (ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია დედა ხელახლა დავამაკოთ).

ჭიებზე დამუშავება (დეჰელმინთიზაცია):

  • ეფექტური საკვების მოხმარებისა და შეთვისებისთვის (ზრდა, განვითარება, პროდუქტიულობა) სასურველია ბოცვრის შინაგან პარაზიტებზე (ჭიებზე) დამუშავება წელიწადში რამდენიმეჯერ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკვებად მწვანე მასას ვიყენებთ. დეჰელმინთიზაციაზე  კონსულტაციისთვის  მიმართეთ ვეტერინარს.

   ბოცვრის ფიზიკური ფორმის (კონდიციურობა) ვიზუალური  შეფასება

  ძალიან გამხდარი:

  • ნეკნები და ხერხემლის ძვალი მახვილია, შეიმჩნევა ვიზუალურადაც; ფერდები ჩავარდნილია;
  • კუნთის მასის ნაკლებობა, არ გვხვდება ცხიმის ფენა.
  • მუცელი აკრულია.

გამხდარი:

  • ხელის შეხებით ადვილად იგრძნობა  ნეკნები და ხერხემლის ძვალი;
  • გვხვდება სუსტი კუნთები და კანქვეშ ცხიმის თხელი ფენა;
  • ზურგი სწორია.

იდეალური ფორმა:

  • ნეკნების, ხერხემლისა და მენჯის ნაწილი შევსებულია;
  • კანქვეშ გვხვდება ცხიმის საშუალო ფენა;
  • ზურგი ამოზნექილია;
  • მუცელი არ არის ჩამოშვებული.

მსუქანი:

  • მხოლოდ ხელის დაჭერით შეგვიძლია ვიგრძნოთ ხერხემლის, ნეკნებისა და მენჯის ძვლები;
  • დედლებში ღაბაბი ჩამოწეულია, მოხრის დროს ჩნდება ნაკეცები;
  • მცირედ მოშვებული მუცელი.

გადასუქებული:

  • ხელის დადებით  შეუძლებელია ვიგრძნოთ ხერხემლის, ნეკნებისა და მენჯის ძვლები;
  • კისრისა და გავის არეში დაგროვებულია ცხიმი;
  • გაძნელებულია მოძრაობა
  • ჩამოვარდნილია მუცელი.